სამეგრელოს-ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი რომან კეიდია თითქმის ერთი წლის განმავლობაში იცავდა ზუგდიდში მცხოვრები მ.ხ.-ს ინტერესებს. მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე მუხლის მე-2 ნაწილით (აღწერილ, დაყადაღებულ ან ჩამორთმევას დაქვემდებარებულ ქონებასთან დაკავშირებული უკანონო ქმედება)  და ემუქრებოდა თავისუფლების აღკვეთა 2-დან 5 წლამდე ვადით.

ბრალდების მხარის მტკიცებით,  2012 წელს მ.ხ.-მ, ზუგდიდში, თ.ბ.-სგან შეიძინა მიწის ნაკვეთი და სახლი, რომელიც საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა კიდეც. თუმცა თანხა ბოლომდე არ გადაუხდია. 2014 წლიდან მხარეებს შორის, სასამართლოში დავა დაიწყო უძრავი ქონების კუთვნილებაზე და ნასყიდობის ფასის გადახდაზე. შემდგომ ეტაპზე, მ.ხ.-მ ქონება ჯერ გააჩუქა, შემდეგ გაასხვისა ნასყიდობის ხელშეკრულებით.

ბრალდება თვლიდა,  რომ ამის უფლება მ.ხ.-ს არ ჰქონდა და მოითხოვა,  ბენეფიციარს პასუხი ეგო საკუთარი ქონებით, მაგრამ  გადაწყვეტილების აღსრულება ვერ განხორციელდა, რადგანაც მოვალე მ. ხ.-ს შესაბამისი ქონება არ გააჩნდა. 

პროკურატურამ  მიიჩნია, რომ იგი თავს არიდებდა საქმის აღსრულებას და ამიტომ წაუყენა მას ბრალი, შემდგომ ეტაპზე კი მოითხოვა გირაო, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა. 

საზოგადოებრივმა ადვოკატმა რომან კეიდიამ მოითხოვა მისი დაცვის ქვეშ მყოფის  აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება, რაც სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა. აღნიშნული განჩინება გასაჩივრდა პროკურატურის მხრიდან, მაგრამ ის ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც ძალაში  დატოვა. 

ადვოკატის მიერ გაწეული კონსულტაციის შემდეგ, ბრალდებულმა  თავი დამნაშავედ არ ცნო, რადგან მის მიმართ წარდგენილი ბრალდებები უსაფუძვლო ვარაუდებს ეყრდნობოდა.

შემდგომ ეტაპზე დაცვის მხარემ რამდენჯერმე მიმართა სასამართლოს სხვადასხვა შუამდგომლობით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლეოდა საფუძველს, რათა მ.ხ.-ს საპატიმროში 2-დან 5 წლამდე გაეტარებინა. ხაზგასმით აღინიშა, რომ ბრალდება სამოქალაქო ურთიერთობებში შეიჭრა. საქმეში არ მოიპოვებოდა ბენეფიციარის მიერ აღსრულებისთვის თავის არიდების მტკიცებულებები, არ იკვეთებოდა დანაშაული, რომელიც დღეს მოქმედი კანონმდებლობის რომელიმე მუხლში იქნებოდა ასახული. ამიტომ ადვოკატმა მ.ხ.-ს უდანაშაულოდ ცნობა მოითხოვა. 

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტგები და ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.