10 ივლისს,  იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა გაფართოებული სახის შეხვედრა გამართეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში. შეხვედრას დაესწრნენ ადგილობირივი თვითმმართველობის წევრები, სოციალური სამსახურების და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის თანამშრომლები, სკოლის დირექტორები, მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების გამგებლები, არასამთავრობო სექტორის,  სასამართლოს, პროკურატურის, პოლიციის და ადგილობირივი მედიის  წარმომადგენლები.

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მიმდინარე წლის ბოლომდე ჭიათურაში გაიხსნება იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრი, სადაც შესაძლებელი იქნება ნებისმიერმა პირმა ნებისმიერ საკითხზე მიიღოს უფასო სამართლებრივი კონსულტაცია. 

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი შონიამ  წარმოადგინა პრეზენტაცია უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემის, დახმარების მიღების კრიტერიუმებისა და წესის შესახებ. დამსწრე საზოგადოება გაეცნო სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის სტრუქტურას.

პროექტი სახელწოდებით  „გაიგე მეტი ემიგრაციის შესახებ“ წარადგინა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილემ სულხან გველესიანმა. მოქალაქეებმა მიიღეს აქტუალური ინფორმაცია იმის შესახებ, რა სახის პრობლემებს აწყდებიან საქართველოდან უცხოეთში წასული ემიგრანტები სამართლებრივი თვალსაზრისით და როგორია თავშესაფრის მიღების ლეგალური გზები. 

როგორც ცნობილია, ჭიათურის მუნიციპალიტეტის 40 000-იანი მოსახლეობის თითქმის ნახევარი სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრია. მათგან 14 000-ზე მეტი ადამიანი გადახდისუუნარო პირია და ისინი უშუალოდ იურიდული დახმარების სამსახურის ბენეფიციარები არიან.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და უფასო იურიდიული დახმარების მიღების ხელმისაწვდომობის გაზრდა. დღესდღეობით ჭიათურის მოსახლეობას საშუალება აქვს ისარგებლოს საჩხერის საკონსულტაციო ცენტრის დახმარებით. 

შეხვედრის ბოლოს დარიგდა საინფორმაციო ბროშურები.