სტეფანწმინდაში იურიდიული დახმარების სამსახურის გაფართოებული საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. სამსახურის დირექტორმა საზოგადოებას უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემა გააცნო, ისაუბრა უფასო იურიდიული დახმარების მიღების კრიტერიუმებზე. რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მიმდინარე წლის ბოლომდე საქართველოს რეგიონებში იურიდიული დახმარების სამსახურის რამდენიმე ბიურო და საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნება. მათ შორისაა ყაზბეგის საკონსულტაციო ცენტრი, რომელიც ყაზბეგის მცხოვრებლებს შემოდგომიდან მოემსახურება.

აქამდე უფასო იურიდიულ დახმარებას მოხევეებს მცხეთის ბიურო უწევდა. დირექტორის მოადგილემ, სულხან გველესიანმა საზოგადოებას წარუდგინა სამსახურის ახალი პროექტი სახელწოდებით „გაიგე მეტი მიგრაციის შესახებ“. მოქალაქეებმა მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, რა სახის პრობლემებს აწყდებიან ემიგრანტები სამართლებრივი თვალსაზრისით და როგორია თავშესაფრის მიღების ლეგალური გზები.

ადგილობრივების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია პრეზენტაციამ მიწის რეგისტრაციის შესახებ, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთის ბიურომ წარადგინა. იმის გათვალისწინებით, რომ მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები ამ ეტაპზე ყაზბეგში ყველაზე პრიორიტეტულია, საკონსულტაციო ცენტრის ამოქმედებამდე ადგილობრივები სატელეფონო და ონლაინ იურიდიული კონსულტაციით ისარგებლებენ. სტეფანწმინდაში გამართულლ შეხვედრას ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.