ცხელი ხაზი: 292 00 55
თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი დ.კ სოციალურ დახმარებას 3 წლის განმავლობაში იღებდა. 2017 წლის მაისში, ოჯახის გეგმიური შემოწმების საფუძველზე, დ.კ-ს მაღალი სარეიტინგო ქულები განესაზღვრა, რის გამოც შეუწყდა ფულადი სოციალური დახმარება. რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ, დ-კ-ს სოციალური მომსახურების სააგენტოში განუმერტეს, რომ მისი სარეიტინგო ქულების გაზრდა განპირობებული იყო მაღალი კომუნალური გადასახადებით. ამის შემდეგ ბენეფიციარმა იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს მიმართა დახმარების მისაღებად.
ადვოკატმა თეა ყაულაშვილმა სოციალურად დაუცველი ოჯახის დეკლარაციაში არაერთი არსებითი ხასიათის შეცდომა აღმოაჩინა. კომუნალური ხარჯის დასაფარად ოჯახი ყოველთვიურად იღებდა შესაბამის თანხას ერთ-ერთი კომპანიისგან. სწორედ ამის გამო სოციალური მომსახურების სააგენტომ ოჯახს შემწეობა მოუხსნა.
ადვოკატმა სარჩელს თან დაურთო შესაბამისი მტკიცებულებები და სასამართლოსგან მოითხოვა: ბენეფიციარისთვის პირვანდელი სარეიტინგო ქულის აღდგენა და სოციალური დახმარების შეწყვეტის მომენტიდან მიუღებელი შემწეობის დაანგარიშება და დ.კ-ისთვის ზიანის ანაზღაურების სახით გადაცემა.
სასამართლომ სრულად გაიზიარა ადვოკატის პოზიცია. გადაწყვეტილება სოციალური მომსახურების სააგენტომ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბენეფიციარი კვლავ შეძლებს შემწეობის მიღებას, მასთან ერთად კი აუნაზღაურდება განაცდური თანხა.