2019 წლის 19 ივლისს, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის  წარმომადგენელის მოვალეობის შემსრულებელმა სამხრეთ კავკასიაში (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო) – იოკო აკასაკამ და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა – რაჟდენ კუპრაშვილმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას კომპიუტერული ტექნიკით სარგებლობის უფლების გადმოცემის შესახებ. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი მხარს უჭერს იურიდიული დახმარების სამსახურის ინიციატივას, რომელიც, ახალი საკონსულტაციო ცენტრების გახსნის გზით, გულისხმობს მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდას, საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, დევნილთა დასახლებებში. უმაღლესმა კომისარიატმა უზრუნველყო სახელმწიფო ორგანიზაციის აღჭურვა ტექნიკური საშუალებებით 11 ახალი ოფისისათვის ოზურგეთში, გურჯაანში, ცაგერში, ყაზბეგში, მარტვილში, წალენჯიხაში, შუახევში, დუისში, ბორჯომში, დმანისში და ხაშურში.

მაშინ როდესაც გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მანდატი ვრცელდება ლტოლვილებზე, თავშესაფრის მაძიებლებზე, იძულებით გადაადგილებულ და მოქალაქეობის არმქონე პირებზე, ორგანიზაცია ხელს უწყობს საქართველოში მცხოვრები ყველა პირის დროულ ხელმისაწვდომობას ინფორმაციასა და სამართლებრივ დახმარებაზე იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას მათი უფლებების ეფექტური დაცვა. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის  წარმომადგენელობა სამხრეთ კავკასიაში (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო) მიიჩნევს, რომ მის თანამშრომლობას საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურთან აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა და მომავალში ის იქნება უფრო მჭიდრო და ნაყოფიერი იმ მიზნით, რომ ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა, იძულებით გადაადგილებულ და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებები იყოს დაცული საქართველოში.