ცხელი ხაზი: 292 00 55
დღეს, იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა გაფართოებული სახის შეხვედრა გამართეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში. შეხვედრას დაესწრნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები და მუნციპალიტეტში მოქმედი სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები.
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის, რაჟდენ კუპრაშვილის განაცხადებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის 25 000-იანი მოსახლეობიდან 7 000 -ზე მეტი სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრია. მათგან 4 000 მდე გადახდისუუნარო პირია და ისინი უშუალოდ იურიდიული დახმარების სამსახურის ბენეფიციარები არიან.
ამიტომ, უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მიმდინარე წლის ბოლომდე ბორჯომში გაიხსნება იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრი, სადაც შესაძლებელი იქნება ნებისმიერმა პირმა ნებისმიერ საკითხზე მიიღოს უფასო სამართლებრივი კონსულტაცია.
დღეს ბორჯომში შეკრებილი საზოგადოება გაეცნო იურიდიული დახმარების სამსახურის სისტემას, დახმარების მიღების კრიტერიუმებისა და წესებს. რაჟდენ კუპრაშვილმა ისაუბრა აქტუალურ და მწავავე სამართლებრივ პრობლემებზე, რომლის წინაშეც დღეს მოსახლეობის დიდი ნაწილი აღმოჩნდა (საბანკო ურთიერთობები, მიწის რეგიტრაცია, ემიგრაცია, ტრეფიკინგი) და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საკონსულტაციო ცენტრის ამოქმედებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ნებისმიერ მცხოვრებს საშუალება ექნება, მიიღოს კვალიფიციური იურიდიული დახმარება ნებისმიერ საკითხზე.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და უფასო იურიდიული დახმარების მიღების ხელმისაწვდომობის გაზრდა.
შეხვედრის ბოლოს დარიგდა საინფორმაციო ბროშურები.