ცხელი ხაზი: 292 00 55
ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს, საცხოვრებელ სახლთან წარმოშობილი სამართლებრივი პრობლემების გამო, დასახმარებლად მიმართა სოციალურად დაუცველმა პენსიონერმა ზ.მ.-მ, რომლის ინტერესების დამცველად დაინიშნა ადვოკატი მიხეილ კეკელია.
ადვოკატმა გაარკვია, რომ 2018 წლის ოქტომბერში, ზ.მ-მ განცხადებით მიმართა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას აღნიშნული ბინის მის სახელზე პრივატიზაციის მოთხოვნით, რაზეც უარი მიიღო, რადგან თავის დროზე, გასული საუკუნის 80-იან წლებში, ბინის ორდერი შეცდომით სხვა პირის სახელზე იყო გამოცემული და იმის მიუხედავად, რომ ზ.მ. ბინის მიღების დღიდან ამ მისამართზე ცხოვრობდა, რუსთავის მერიამ მას რეგისტრაციაზე მაინც უარი უთხრა.
ადვოკატმა მიხეილ კეკელიამ შეისწავლა ყველა ფაქტობრივი გარემოება, საარქივო დოკუმენტაცია, შეადგინა სარჩელი და მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს - ბათილად ეცნო ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილება აღნიშნული ბინის პრივატიზაციაზე უარის თქმის შესახებ. მან ასევე მოითხოვა მოპასუხისაგან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლის საფუძველზეც ზ.მ. თავის ბინას გაიფორმებდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკამაყოფილა საზოგადოებრვი ადვოკატის, მიხეილ კეკელიას მოთხოვნა და სიცლაურად დაუცველ ქალს თავისი ბინის ოფიციალურად გაფორმების საშუალება მიეცა.
ასევე წარმატებით დასრულდა ადვოკატ მიხეილ კეკელიას მიერ წარმოებული მეორე საქმე, რომელიც მოიცავდა ერთ-ერთი პირის სტაციონარში მოთავსებას არანებაყოფლობით ფსიქიატრიული დახმარების მიზნით. 2019 წლის ივლისში, წალკის მაგისტრატი სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა შპს „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ დირექტორმა და მოითხოვა ბრძანების გამოცემა არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით, მარტოხელა ქალის, მ.ჯ.-ს სტაციონარში მოთავსების შესახებ.
ექიმ–ფსიქიატრთა კომისიის დასკვნაში მითითებულია, რომ პაციენტი კლინიკაში მოთავსდა კატასტროფის ბრიგადისა და საპატრულო პოლიციის დახმარებით. იგი 10 წელზე მეტია აღრიცხვაზეა თელავის ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში, არაერთხელ აქვს ჩატარებული სტაციონალური მკურნალობა სხვადასხვა ფსიქიატრიულ კლინიკაში.
სასამართლო პროცესზე მ.ჯ. მ განაცხადა, რომ ის მიიღებს მედიკამენტებს აუცილებლად, რომ შეუძლია თავისი ემოციების კონტროლი, არ სურს სტაციონარში დარჩენა და ის თელავში თავისი მკურნალი ექიმის დახმარებით განაგრძობს მკურნალობას.
საზოგადობრივი ადვოკატის დასაბუთებით, ბენეფიციარს აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, რომ მისი დაავადების და მისგან გამოწვეული შედეგების კონტროლი სავსებით შესაძლებელია ამბულატორიული მკურნალობის შედეგადაც, ადეკვატურად აღიქვამს ფაქტებს და მოვლენებს, იაზრებს თავისი დაავადების გამწვავების შედეგებს და მზად არის იმკურნალოს ამბულატორიულად. ამ ეტაპისთვის მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა და მკურნალობის შედეგის მიღწევა შესაძლებელია სტაციონარში მოთავსების გარეშც, შესაბამისად არ არსებობს „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული არანებაყოფლობით ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საფუძვლები.
თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ გაითვალისწინა ადვოკატის მოსაზრებები და გამოიტანა დადგენილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებაზე უარის თქმის შესახებ.