ცხელი ხაზი: 292 00 55
2019 წლის 27 ნოემბერს, USAID PRoLOG-ის პროექტის ფარგლებში, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისა და კონსულტანტებისთვის ჩატარდა სამუშაო შეხვედრა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის აქტუალურ საკითხებზე. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ მაია ვაჩაძემ და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი კოპალიანმა.
სამოქალაქო სამართლის საკითხებს შორის, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საქმის განხილვის თავისებურებები, პრაქტიკაში არსებული პრობლემები. დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესეო საკითხებზე პასუხები მიეღოთ მოსამართლეებისა და სხვა პროფესიონალებისგან, საკუთარი მოსაზრებები და გამოცდილება გაეზიარებინათ ერთმანეთისათვის.
დღის მეორე ნახევარი ადმინისტრაციული სარჩელის სახეებსა და ადმინისტრაციულ სამართალში უფლების წინასწარი დაცვის შესაძლებლობის განხილვას დაეთმო. შეხვედრაში მონაწილე პირებმა იმსჯელეს გადაწყვეტილებათა ცალკეულ სახეებსა და ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების თავისებურებებზე. სამსახურის ადვოკატებმა მოხსენებები გააკეთეს პრაქტიკაში არსებულ ხარვეზებსა და არაერთგვაროვან მიდგომებზე სარჩელის დასაშვებობასთან დაკავშირებით.