უფასო სამართლებრივი დახმარება ლაგოდეხის მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი გახდება. 2020 წლის 24 ივნისს 18:00 საათზე,  ლაგოდეხში მერაბ კოსტავას ქ.#1), იურიდიული დახმარების სამსახურის ლაგოდეხის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა საკონსულტაციო ცენტრში იმუშავებს ერთი იურისტ-კონსულტანტი და ის სამართლებრივ რჩევებს გასცემს სხვადასხვა საკითხზე. მათ შორის: სოციალურად დაუცველთა უფლებები, საბანკო ურთიერთობები, მიწის და უძრავი ქონების რეგისტრაცია, მემკვიდრეობა, შრომითი დავები, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, მხარდამჭერად დანიშვნის საკითხები  და სხვა აქტუალური პრობლემები.

საკონსულტაციო ცენტრის ოფიციალური  გახსნის ღონისძიება პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით ჩატარდა.

ლენტი გაჭრეს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა და მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა.

მოსახლეობასთან ღია ცის ქვეშ გამართულ შეხვედრაზე რაჟდენ კუპრაშვილმა წარადგინა კონსულტანტი გიორგი ევსტაფიშვილი, რომელიც საწყის ეტაპზე, პანდემიური შეზღუდვების პერიოდში, კვირაში ერთხელ ესტუმრება ლაგოდეხს და გასწევს უფასო სამართლებრივ კონსულტაციას ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე ნებისმიერი პირისთვის.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და სოფლების რწმუნებულებს მიეწოდათ ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების, უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების კრიტერიუმების შესახებ და ხაზი გაესვა რეგიონისთვის მნიშვნელოვან რამდენიმე სამართლებრივ საკითხს. 

ლაგოდეხის იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრი არის სამსახურის რიგით მე-11 საკონსულტაციო ცენტრი.