23 სექტემბერს წალენჯიხაში იურიდიული დახმარების სამსახურის 23-ე საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. საკონსულტაციო ცენტრის იურისტი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ნებისმიერ პირს გაუწევს უფასო იურიდიულ კონსულტაციას ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე, ხოლო სოციალურად დაუცველებისთვის კი, კანონის შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენაც.

გახსნის დღეს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არსებული სოფლების რწმუნებულებს, საკრებულოს წევრებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეხვდა. 

„იურიდიული დახმარების სამსახური თანდათანობით ზრდის უფასო სამართლებრივი დახმარების სერვისების ტერიტორიულ ხელმისაწვდომობას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დასახლებებში, სადაც პოტენციური ბენეფიციარების რიცხვი მრავლადაა და კვალიფიციური დახმარებისთვის ადვოკატთან მისვლას შორი მანძილის გადალახვა სჭირდება. ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება პროფესიონალის დახმარებით, მოაგვაროს მისთვის მნიშვნელოვანი სამართლებრივად პრობლემატური საკითხები.“ -განაცხადა მან. 

გახსნის ცერემონიის შემდეგ, სოციალური დისტანციის დაცვით გაიმართულ შეხვედრაზე, რომელიც "ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართელოს ეროვნული სამოქმედო გეგმის  ფარგლებში შედგა, წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია საკუთრების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რომლის განხილვას დევნილი და კონფლიქით დაზარალებული ქალები და გოგონებიც დაესწრნენ.