ცხელი ხაზი: 292 00 55
24 სექტემბერს, სენაკში, (წერეთლის ქუჩა N1) იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა.შესაბამისად სენაკის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებისათვის უფრო ხელმისაწვდომი გახდა უფასო სამართლებრივი დახმარება.
საკონსულტაციო ცენტრში შესაძლებელია იურიდიული კონსულტაციის მიღება ნებისმიერი პირისთვის ისეთ საკითხზე როგორიცაა: მიწის რეგისტრაცია, მემკვიდრეობა, საბანკო სესხები, სამეზობლო და საოჯახო დავები, ჯარიმები და ა.შ.
ცენტრის გახსნის საზეიმო ცერემონიის შემდეგ, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართელოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი სენაკის მოსახლეობას შეხვდა და გააცნო რეზოლუციით გათვალისწინებული საკითხები.
წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია საკუთრების უფლებებისა და სხვა საკითხების შესახებ, რომელიც სპეციალურად დევნილი და კონფლიქტით დაზარალებულ ქალებისა და გოგონებისთვის შეიქმნა.
იურიდიული დახმარების სამსახური უფასო სამართლებრივი დახმარების გამწევი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სახელმწიფო ორგანიზაციაა. იურიდიული კონსულტაცია ხელმისაწვდომია ყველა პირისთვის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, ხოლო გადახდისუუნარო პირებისათვის ხორციელდება სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა და საადვოკატო მომსახურების გაწევასა სამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში.
დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით იურიდიული დახმარების სამსახურის 13 ბიურო და 23 საკონსულტაციო ცენტრი მოქმედებს. სენაკის საკონსულტაციო ცენტრი რიგით 24-ეა.