24 სექტემბერს ხობში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. უფასო სამართლებრივი დახმარება ხობის მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი გახდა ხობში, (ცოტნე დადიანის 185), სადაც შესაძლებელი იქნება იურიდიული კონსულტაციის მიღება ნებისმიერი პირისთვის ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე.

საკონსულტაციო ცენტრში იმუშავებს ერთი იურისტ-კონსულტანტი და ის სამართლებრივ რჩევებს გასცემს სხვადასხვა საკითხზე. საკონსულტაციო ცენტრის ოფიციალური გახსნის ღონისძიება პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით ჩატარდა.

მოსახლეობასთან ღია ცის ქვეშ გამართულ შეხვედრაზე, რომელიც "ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართელოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში შედგა, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა ადგილობრივებს გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების კრიტერიუმები და ესაუბრა რეგიონისთვის მნიშვნელოვან რამდენიმე სამართლებრივ საკითხზე. მათ შორის, პრეზენტაცია მოიცავდა საკუთრების რეგისტრაციის თემას, რამა ზემოხსენებული გეგმის შესაბამისად, დევნილ და კონფლიქტით დაზარალებულ ქალებსა და გოგონებსაც გააცნეს.