ცხელი ხაზი: 292 00 55
11 ივნისს, სასტუმრო თბილისი-მერიოტში, ხელი მოეწერა დეკლარაციას, რომელიც ქვეყნის მასშტაბით დაწყებული მოძრაობისა „ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი“ სულისკვეთებას გამოხატავს.
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, რაჟდენ კუპრაშვილმა, პარტნიორი უწყებების წარმომადგენლებს გააცნო ის მთავარი საფუძვლები, რომელმაც გამოიწვია პროექტის „ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი“ საჭიროება. დირექტორის მოადგილემ ნინო მელაძემ პრეზენტაციის ფარგლებში წარადგინა აქტივობების ის გეგმა, რომელსაც იურიდიული დახმარების სამსახურის დეკლარაციაზე ხელმომწერი უწყებების და დონორთა მხარდაჭერით განახორციელებს.
იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ინიციირებულ მოძრაობას შეუერთდნენ და დეკლარაციაზე ხელს მოაწერეს იუსტიციის სამინისტროს, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს, რეგიონული მმართველობის დეპარტამენტის, სახელმწიფო ინსპექტორის, ადვოკატთა ასოციაციის, მედიატორთა ასოციაციის მთავარმა პირებმა და სახალხო დამცველმა.
დაგეგმილია 60-მდე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრის ჩატარება საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში. პროექტის მიზანია ქვეყნის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა აქტუალურ სამართლებრივ საკითხზე მათთვის ინფორმაციის მიწოდებით, ადგილზე კონსულტაციების გაწევითა და პრეზენტაციების წარდგენით.
საინფორმაციო შეხვედრების თემატიკა განისაზღვრება პარტნიორებთან თანამშრომლობით და რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით. ზოგადი საკითხები მოიცავს არასრულწლოვანთა უფლებებს, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობას, მიწის რეგისტრაციას, სოციალურ საკითხებს, ჯანდაცვას, განათლებას, პერსონალურ ინფორმაციებს, დასაქმებას, ნაფიც მსაჯულებს და სხვა.
პროექტში ჩართული ყველა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა მოძრაობის დროულობას, აქტუალურობას და გამოთქვა მზადყოფნა საინფორმაციო კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად.