15-16 ივნისს, ლოპოტას სასტუმრო კომპლექსში, მიმდინარეობს შეხვედრა  წამების მსხერპლთა მიმართ ეფექტური იურიდიული დახმარების გაწევის საკითხებზე - საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლებსა და  საქართველოში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს (UN OHCHR)  შორის.  

შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად ისაუბრეს საქართველოში წამების დეფინიციასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების და წამების მსხვერპლთათვის ეფექტიანი იურიდიული დახმარების გაწევის კუთხით იურიდიული დახმარების სამსახურში არსებული საჭიროებების შესახებ.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, რაჟდენ კუპრაშვილმა და UN OHCHR-ის ადამიანის უფლებათა ოფიცერმა, ბესარიონ ბოხაშვილმა. 

ბესარიონ ბოხაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში იურიდიული დახმარების სამსახურის ფუნქციის მნიშვნელობაზე, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების ცნობიერების მუდმივ ამაღლებასა და შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობაზე, რათა უფრო ეფექტიანი დახმარება გაუწიონ იმ ადამიანებს, რომლებიც აცხადებენ, რომ არიან წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის მსხვერპლნი. 

რაჟდენ კუპრაშვილი: "საზოგადოებრივ ადვოკატებს ყოველდღიურ რეჟიმში უხდებათ სხვადასხვა სახის დანაშაულისათვის ბრალდებული  ან მსხვერპლი ბენეფიციარების დაცვა, მათ შორის არიან წამების მსხვერპლებიც. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სამსხურს ჰქონდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია წამებასა და არაადამიანურ მოპყორობასთან დაკავშირებულ საკანომდებლო საკითხებზე, საერთაშორისო აქტებზე, ბოლო დროს განხორციელებულ ცვლილებებზე". 
 
„UN OHCHR-ის საქართველოს წარმომადგენლობა უკვე მრავალი წელია ხელს უწყობს ქვეყანაში არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის კუთხით ინსტიტუტებისა და იურისტების შესაძლებლობების გაძლიერებას. მრავალ მნიშვნელოვან საკითხთან ერთად, შეხვედრის მონაწილეებს ასევე გავუზიარეთ წამებასთან ისევე როგორც სხვა სახის არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული გაეროსა და ევროსაბჭოს საზედამხედველო ორგანოების მიერ დადგენილი იურისპრუდენცია და პრეცედენტული სამართალი, რაც ვფიქრობთ მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას უკეთ განახორციელონ დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციის გაწევა და საჭიროების შემთხვევაში სამართლებრივი წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ და სასამართლო ორგანოებში, “ - აღნიშნა ბესარიონ ბოხაშვილმა.

შეხვედრა ევროკავშირის  (EU) და გაეროს (UN) ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ყველასათვის - მეორე ფაზა“ ფარგლებში ჩატარდა. ინიციატივის მიზანია საქართველოში მცხოვრები ყველა მოქალაქისა და სოციალური ჯგუფის უფლებების დაცვა ქვეყნის კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.