30 ივნისს, ლენტეხში, იურიდიული დახმარების სამსახურის რიგით 28-ე საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. ლენტეხის მოსახლეობისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა უფასო სამართლებრივი დახმარების მიღება. ცენტრში იმუშავებს ერთი იურისტ-კონსულტანტი და ის სამართლებრივ რჩევებს გასცემს სხვადასხვა საკითხზე. მათ შორის: სოციალურად დაუცველთა უფლებები, საბანკო ურთიერთობები, მიწის და უძრავი ქონების რეგისტრაცია, მემკვიდრეობა, შრომითი დავები, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, მხარდამჭერად დანიშვნის საკითხები და სხვა აქტუალური პრობლემები. 

გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდა სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში პაპუნა მარგველიძე. მან აღნიშნა, რომ რეგიონის მოსახლეობაში ნამდვილად იყო მოთხოვნა უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობაზე, ამიტომ სამხარეო ადმინისტრაცია მოხარულია და მხარს ყოველთვის დაუჭერს ლენტეხის საკონსულტაციო ცენტრის ფუნქციონირებას. 

ოფისის გახსნის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, რომელიც მიმდინარეობდა პროექტის ფარგლებში - მოძრაობა "ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი", (დონორი ორგანიზაციები USAID-PROLoG და GOE), იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა ადგილობრივებს გააცნო უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების კრიტერიუმები, წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია რეგიონისთვის მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე. მან წარადგინა ლენტეხის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი ნინო ურთმელიძე.