ცხელი ხაზი: 292 00 55
12 ნოემბერს, ბრალდებულის საპროცესო უფლებების სრულფასოვნად დაცვის უზრუნველსაყოფად და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის (ბრალდებულის მიერ ადვოკატის აყვანა) ეფექტიანად აღსრულების მიზნით, საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობაში ხელი მოეწერა მემორანდუმს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.
ხელმომწერები იყვნენ: სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი, საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი.
მემორანდუმის თანახმად:
◾ შსს შეიმუშავებს და აღასრულებს შიდა უწყებრივ ინსტრუქციას, რომლის თანახმადაც გამომძიებლებს დაევალებათ, დაკავებულ პირს არ გაუწიონ რეკომენდაცია კონკრეტული ადვოკატის აყვანასთან დაკავშირებით;
◾ პროკურატურა შეიმუშავებს და აღასრულებს შიდა უწყებრივ ინსტრუქციას, რომლის თანახმადაც საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების მომენტიდან ბრალდებულს მიეცემა გონივრული ვადა (არანაკლებ 24 საათისა) ადვოკატის მოსაწვევად (დაცვა შეთანხმებით) და მხოლოდ ამის შემდეგ ამოქმედდება დაცვა სახელმწიფოს ხარჯზე;
◾ იურიდიული დახმარების სამსახური საზოგადოებრივი ადვოკატებისთვის შეიმუშავებს და აღასრულებს შიდა უწყებრივ ინსტრუქციას, რომლის თანახმადაც საპროცესო შეთანხმებისას სახელმწიფოს ხარჯზე სავალდებულო დაცვის საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში (დაცვა შეთანხმებით), საზოგადოებრივი ადვოკატები მიმართავენ სამსახურს საქმიდან ჩამოშორების შუამდგომლობით;
◾ ხოლო ადვოკატთა ასოციაცია წინამდებარე შეთანხმების თაობაზე უზრუნველყოფს წევრთა შორის ინფორმაციის გავრცელებას და სხვა მხარეებს პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას წინამდებარე შეთანხმების განხორციელების შესახებ;
მემორანდუმი ძალაში შევიდა მისი ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს უვადოდ.