დღეს, 3 თებერვალს, სასტუმრო „ბილტმორში“, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა წარადგინა მოძრაობის - „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი“ - ანგარიში და ახალი პროექტის“ პარალეგალების’ პრეზენტაცია. 

2022 წლიდან, იურიდიული დახმარების სამსახურის ინიციატივით, საქართველოში, მთელი ქვეყნის მასშტაბით „პარალეგალების“ ინსტიტუტი ამოქმედდება.

პარალეგალი არის პირი, რომელსაც არ აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება - არ არის პროფესიით იურისტი, თუმცა, გავლილი აქვს სპეციალური ტრენინგი სამართლებრივ საკითხებში, აქვს საჭირო ცოდნა და უნარები, მოსახლეობას გაუწიოს პირველადი სამართლებრივი კონსულტაცია. 

პარალეგალი შესაძლოა იყოს ნებისმიერი პროფესიისა და საქმიანობის პირი ან პროფესიის არმქონე პირი, საჯარო თუ კერძო სექტორში დასაქმებული პირი, ან პირი, რომელიც არ არის დასაქმებული, თუ მას აქვს შესაბამისი ცოდნის შეძენისა და ამ ცოდნის საზოგადოებისათვის ფართო მასებისათვის გადაცემის სურვილი - ესენი შეიძლება იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობების თანამშრომლები, რეგიონული და ცენტრალური მედიის ჟურნალისტები, მასწავლებლები, სოფლების ე.წ. „უხუცესები“ ან აქტივისტები“, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, სხვადასხვა რგოლის მედიცინის მუშაკები, სტუდენტები, მოსწავლეები - უბრალოდ დაინტერესებული პირები -  15 წლის ასაკიდან.

რაც მთავარია, პარალეგალობის მსურველი პირები უ ფ ა ს ო დ გაივლიან ტრენინგებს და ასევე უ ფ ა ს ო დ მოემსახურებიან მოსახლეობას.

რაჟდენ კუპრაშვილმა საზოგადოებას გააცნო „პარალეგალების“ პროექტის  სამოქმედო გეგმას, რომელიც გულისხმობს:
1.    „პარალეგალების“ რეესტრის შექმნას: იურიდიული დახმარების სამსახურის ინიციატივით, საქართველოს ყველა სოფელსა და ქალაქში, სკოლებში,  ადგილობრივ თვითმმართველობებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, რეგიონული და ცენტრალური მედიასაშუალებებით გავრცელდება ინფორმაცია პარალეგალობის მსურველთა შესახებ და მათი რეგისტრაცია განხორციელდება როგორც უშუალოდ  იურიდიული დახმარების ბიუროებსა და საკონსულტაციო ცენტრებში, ასევე სპეციალურად შექმნილ ონლაინ პლატფორმაზე;

2.    პარალეგალობის მსურველთათვის ჩატარდება სპეციალური ტრენინგები, სამსახურის დონორებისა და პარტნიორი უწყებების მონაწილეობით.

3.    ტრენინგების თემატიკა განისაზღვრება რეესტრში რეგისტრირებულ პირთა მოსაზრებების გათვალისწინებით, თითოეული რეგიონისთვის აქტუალური სპეციფიკიდან გამომდინარე. ეს შეიძლება იყოს: ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხები, უმცირესობათა უფლებები, დისკრიმინაცია, მიწის რეგისტრაციის პრობლემები, ბანკებთან ურთიერთობა და სასესხო ვალდებულებები, შრომითი უფლებები და ა.შ.

აღნიშნული პროექტი წარდგენილი იქნა პარტნიორი უწყებების წარმომადგენლებისათვის: პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის  და იურიდიულ საკითხთა კომიტეტები, სასამართლო, პროკურატურა, პრემიერ-მინისტრის ადამიანის უფლებათა სამდივნო, შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი, სახალხო დამცველი, ადვოკატთა ასოციაცია, მედიატორთა ასოციაცია. ასევე ჩვენი სამსახური დონორ ორგანიზაციებთან:  USAID, UNICEF, COE, OHCHR, UNHCR, UNICEF, UN WOMAN;

მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია -  მოძრაობა „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი 2022 წლის ივნისში დაიწყო და დღემდე გრძელდება. პროექტის ფარგლებში, პანდემიის მიუხედავად მოხერხდა ათეულობით შეხვედრის ჩატარება, მათ შორის, იმიტირებული სასამართლო პროცესები საქართველოს სხვადასხვა ქალაქის სასამართლოებში: ცაგერში, ახალციხეში, ქუთაისში. გორში, თელავში, ქედაში, ბათუმსა და მესტიაში.

მოძრაობის ახალი პროექტი „პარალეგალები“ ხელს შეუწყობს საქართველოს მასშტაბით ფართო საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას, გენდერული თუ დისკრიმინაციული დანაშაულის პრევენციას,  მართლმსაჯულებაზე წვდომის ეფექტურობას, სამართლიანი, კანონიერი და მშვიდობიანი გარემოს შექმნას.