ცხელი ხაზი: 292 00 55
17 მაისს, წალენჯიხის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს წალენჯიხის მერიის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის, საკრებულოს, სოციალური სამსახურების, არასამთავრობო ორგანიზაციების და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებთან.
ზუგიდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა რომან კეიდიამ სპეციალური პრეზენტაციის ფარგლებში საზოგადოებას გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხები, ბავშვის უფლებათა კოდექსი და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები, რომელთა დაცვას უშუალოდ საზოგადოებრივი ადვოკატები ახორციელებენ.
ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო სამსახურის ახალი პროექტის - „პარალეგალების“ წარდგენას. სამეგრელო არის პირველი რეგიონი, სადაც „პარალეგალთა რეესტრის“ ფორმირება დაიწყო. პროექტი „პარალეგალი“ გააერთიანებს საზოგადოების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც პროფესიით იურისტები არ არიან, მაგრამ იურიდიული დახმარების სამსახურის ორგანიზებით გაივლიან სპეციალურ ტრენინგებს სამართლებრივ საკითხებში და ექნებათ შესაძლებლობა პირველადი იურიდიული დახმარება გაუწიონ ახლობლებს, მეზობლებს, მეგობრებს - ყველა დაინტერესებულ პირს, ვინც მათ ამის შესახებ მიმართავს.
შეხვედრები სამეგრელოში, რომელიც ტარდება სენაკის, აბაშის, წალენჯიხის, ხობის, მარტვილის, ჩხოროწყუს მოსახლეობასთან, ხორციელდება იურიდიული დახმარების სამსახურის სამართლებრივი ცნობიერების ასამაღლებელი საინფორმაციო კამპანიის - მოძრაობა "ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი" ფარგლებში. კამპანიის მხარდამჭერია ევროპის საბჭო (COE).