ცხელი ხაზი: 292 00 55
"იურიდიული დახმარების სამსახურის წარმოებაშია ორი არასრულწლოვანის საქმე. არასრულწლოვანები არიან სექსუალური ძალადობს მსხვერპლი და ცნობილი არიან დაზარალებულად. აღნიშნულ საქმეში ბრალი წაყენებული აქვს მამინაცვალს. ჩვენი ინფორმაციით, ტელეკომპანია "ტვ პირველის" ჟურნალისტების მიერ მზადდება სიუჟეტი "ნოდარ მელაძის შაბათისთვის" აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. ბენეფიციარების განცხადებიდან ირკვევა, რომ გამოიკითხნენ არასრულწლოვანების მეზობლები, ბენეფიციარის ახლო ნათესავები. ასევე, ვფლობთ ინფორმაციას, რომ ჟურნალისტების მიერ მოხდა არასრულწლოვანების ფარული ჩაწერა. ბავშვებისა და მათი ბებიის არაერთი თხოვნის მიუხედავად, ტელეკომპანია უარს არ ამბობს აღნიშნული გადაცემის ეთერში გაშუქებაზე.
გუშინ საღამოს, არასრულწლოვანებმა მოგვმართეს დახმარებისათვის. მათი უდიდესი თხოვნაა აღნიშნული სიუჟეტი არ გავიდეს ეთერში, ვინაიდან, ამ შემთხვევაში მოხდება მათი იდენტიფიცირება, შესაბამისად, კონფიდენციალურობა ვერანაირად იქნება უზრუნველყოფილი. ბავშვების ფსიქოემოციური მდგომარეობა არის უმძიმესი. არსებობს ფაქტები, რომ ერთ-ერთი არასრულწლოვანის მხრიდან ადგილი ჰქონდა სუიციდის მცდელობას. მინდა მივმართო თხოვნით ტელეკომპანია "ტვ პირველის" ჟურნალისტებსა და ნოდარ მელაძეს, დროა მოვუსმინოთ ერთმანეთს, მოვუსმინოთ ბავშვებს და ამ სიუჟეტის გაშვების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გავითვალისწინოთ არასრულწლოვანების საუკეთესო ინტერესი. ვერც ერთი სპეციალისტი ვერ აიღებს პასუხისმგებლობას, რომ სიუჟეტის გაშვების შემდგომ ადგილი არ ექნება ისეთ ფატალურ შედეგს, როგორიც არის თვითმკვლელობა. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობიანი პირები, ვალდებული ვართ შევაფასოთ ყველა გარემოება და მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც საფრთხეს არ შეუქმნის არასრულწლოვანების სიცოცხლესა და მომავალს.
თუკი სიუჟეტი გავა ეთერში და ბავშვების ისედაც მძიმე სულიერი მდგომარეობას კიდევ ერთ ტრავმას მიაყენებს, ჩვენ განვახორციელებთ შესაბამის სამართლებრივ ღონისძიებებს და კონკრეტული ტელევიზიისა და ჟურნალისტების მიმართ მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას. იმ შემთხვევაში. თუ ბავშვების სულიერი მდგომარეობა დამძიმდება იმდაგვარად, რომ თვითმკვლელობას თუნდაც წამიერად გაივლებენ თავიანთ ფიქრებში, პასუხისმგებლობას დავაკისრებთ "ტვ პირველი"ს ჟურნალისტებსა და იმ პირებს, რომლებიც აღნიშნული სიუჟეტი მოამზადებაში მონაწილეობდნენ.
აქვე, შეგახსენებთ, რომ თვითმკვლელობამდე მიყვანა ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით.
მივმართავთ სახალხო დამცველს, უზრუნველვყოთ ბავშვების ინტერესების დაცვა. მივმართავთ სახელმწიფო ინსპექტორს, დაიწყოს საქმის წარმოება, გამოირკვეს, თუ როგორ განხორციელდა პერსონალური ინფორმაციის გადინება ისეთ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც კანონმდებლობით არის უზრუნველყოფილი საქმის მასალების კონფიდენციალურობა.
ვიტოვებ იმედს, რომ ბავშვების ხმა შესმენილი იქნება კონკრეტული ჟურნალისტების მიერ და კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ ვერანაირი საჯარო ინტერესი ვერ გადაწონის ბავშვების საუკეთესო ინტერესს."