მიმდინარე წლის 17-18 ივლისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებმა გაიარეს ტრენინგი თემაზე - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები: საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები. ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით.

ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: შეზღუდული შესაძლებლობის არსი და კონცეფციები, გაერთიანებული ერების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია (CRPD)- მიმოხილვა, მართლმსაჯულების მისაწვდომობის უფლება, შშმ პირთა დაცვის ეროვნული საკანონმდებლო ჩარჩო, თანასწორობის მიღწევის განსხვავებული სტანდარტები შშმ პირთა სამართალში, მისაწვდომობა და საქართველოს კანონმდებლობა, გონივრული მისადაგება და პროცედურული მოდიფიცირება.