ცხელი ხაზი: 292 00 55
7 სექტემბერს, ბერლინში, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურსა და კომპანია knowledgeTools International GmbH - ს შორის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. შეთანხმება მოიცავს პროგრამა „LOGOS“ - ის გამოყენებას იურიდიული დახმარების სამსახურის მუშაობის დიგიტალიზაციისა და ავტომატიზაციისათვის.
დღესდღეობით, დიგიტალიზაციის თანამედროვე ტემპი უმთავრესი გამოწვევაა, რაც თავისთავად, იურიდიულ სფეროსაც ეხება. ეს არის პროცესი, რომელიც ადრე თუ გვიან იურისპრუდენციას სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, სიახლეების, თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტური და ეტაპობრივი დამკვიდრება სამსახურის საქმიანობაში.
რაჟდენ კუპრაშვილი, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი:"სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ იურიდიული დახმარების სამსახური არის პირველი სახელმწიფო ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც თავის საქმიანობაში ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს. მოგეხსენებათ, რომ სწორედ ჩვენი სამსახური არის ის ორგანიზაცია, რომელიც 13 ბიუროსა და 38 საკონსულტაციო ცენტრის მეშვეობით, მთელი საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს იურიდიული კონსულტაციის გაწევას ნებისმიერი ადამიანისთვის, ხოლო იურიდიულ დახმარებას მოწყვლადი ბენეფიციარებისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ სამსახურმა გასულ წელს 17 442 საქმე მიიღო წარმოებაში და გასწია 24 369 კონსულტაცია, პროგრამა „LOGOS”-ისა და ზოგადად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას უდიდესი მნიშვნელობა ექნება ჩვენს საქმიანობაში. ეს მოგვცემს შესაძლებლობას ბენეფიციარებს მაქსიმალურად მოკლე დროში გავუწიოთ კონსულტაცია, მოვუმზადოთ კვალიფიციური, სამართლებრივად დასაბუთებული სარჩელები და ამასთანავე, უზრუნველვყოთ ჩვენი სერვისების მაქსიმალურად მაღალი ხარისხი. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი knowledgeTools International GmbH -ს და ვიმედოვნებ, ჩვენი თანამშრომლობა სამომავლოდ კიდევ უფრო ნაყოფიერად წარიმართება."