2022 წლის 15 სექტემბერს, გურჯაანში (ნონეშვილის ქ.#4) იურიდიული დახმარების სამსახურის რიგით მე-14 ბიურო გაიხსნა. ამიერიდან უფასო სამართლებრივი დახმარება: იურიდიული კონსულტაცია, დოკუმენტაციის შედგენა და საადვოკატო წარმომადგენლობა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება გურჯაანისა და მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების მოსახლეობისთვის.

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას წარუდგინა ბიუროს კონსულტანტი გურანდა გიაშვილი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში შეძლებს სამართლებრივი კონსულტაციის გაცემას დაინტერსებული პირებისათვის. გურჯაანის ბიუროს საქმიანობას გაუძღვება ადვოკატი ლიანა ჭუნიაშვილი, რომელიც ამავდროულად თელავის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსიცაა. აღსანიშნავია, რომ დღემდე გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის უფასო სამართლებრივი დახმარების მიღება სწორედ თელავის ბიუროს საშუალებით იყო შესაძლებელი. 

ბიუროს გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი, მისი მოადგილე ლერი გელენავა. ოფისის გახსნის ცერემონიის შემდეგ, გურჯაანის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა სპეციალური პრეზენტაციის საშუალებით შეკრებილ საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, ბავშვის უფლებათა კოდექსის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ. ხაზი გაესვა საზოგადოებრივი ადვოკატების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხს და იმ პროექტებს, რომლიც ფარგებლშიც იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები მაღალკვალიფიციურ დახმარებას უწევენ ბენეფიციარებს. 

გურჯაანის მოსახლეობის დიდი ინტერესი გამოიწვია იურიდიული დახმარების სამსახურის ახალმა პროექტმა - „პარალეგალები“, რომელიც გააერთიანებს საზოგადოების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც პროფესიით იურისტები არ არიან, მაგრამ იურიდიული დახმარების სამსახურის ორგანიზებით გაივლიან სპეციალურ ტრენინგებს სამართლებრივ საკითხებში და ექნებათ შესაძლებლობა პირველადი იურიდიული დახმარება გაუწიონ ახლობლებს, მეზობლებს, მეგობრებს - ყველა დაინტერესებულ პირს, ვინც მათ ამის შესახებ მიმართავს. ჩატარდა „პარალეგალობის“ მსურველთა რეგისტრაციაც.