ცხელი ხაზი: 292 00 55
26 ოქტომბერს, ადიგენში (არტემ ბალახაშვილის ქ.#19) იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. ცენტრში შესაძლებელი იქნება უფასო სამართლებრივი დახმარების მიღება ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის.
აქამდე ადიგენელებს საზოგადოებრივი ადვოკატებისა და კონსულტანტის მომსახურების მიღებისთვის ახალციხის იურიდიული დახმარების ბიუროში ჩასვლა უწევდათ. ამჯერად, უფასო სამართლებრივი დახმარება ადიგენის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია.
ადიგენის საკონსულტაციო ცენტრის ოფისი გახსნეს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ. ადგილობრივებს წარუდგინეს ცენტრის კონსულტანტი ლაშა ჯაფიაშვილი, რომელიც ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე შეძლებს სამართლებრივი კონსულტაციის გაწევას ადიგენელებისთვის, მათ შორის: მიწის რეგისტრაცია, საბანკო ვალდებულებები, ბავშვთა უფლებები, მემკვიდრეობა და ა. შ.
გახსნის ცერემონიის შემდეგ გაიმართა შეხვედრა მოსახლეობასთან, სადაც რაჟდენ კუპრაშვილმა წარადგინა პრეზენტაცია უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემის, დახმარების მიღების კრიტერიუმების, სამსახურის პროექტების შესახებ. დაინტერესებულ პირებს გაეწიათ ინდივიდუალური კონსულტაციები.