16 ნოემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და სოფელ მუხაესტატეში პროექტ „პარალეგალების" პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაზე იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებისა და უფასო სამართლებრივი დახმარებით სარგებლობის კრიტერიუმების, ასევე, სამსახურის მიმდინარე პროექტების შესახებ.

პროექტში ჩართული პარალეგალები ჯერ ქობულეთში, ხოლო შემდგომ - სოფელ მუხაესტატეში ადგილობრივ მოსახლეობას ესაუბრნენ ქალთა უფლებებთან დაკავშირებულ ისეთი საკითხებზე, როგორიცაა: მემკვიდრეობის მიღება, განქორწინება, დამცავი და შემაკავებელი ორდერი.

როგორც ცნობილია, პროექტ "პარალეგალების" ფარგლებში, არაიურისტი პირები, იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ დაგეგმილი გადამზადების პროგრამის გავლის შემდეგ, ახორციელებენ მოსახლეობისათვის პირველადი სამართლებრივი კონსულტაციის გაწევას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისა და მართლმსაჯულებაზე თითოეული ადამიანის ეფექტური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის.

იურიდიული დახმარების სამსახური მადლობას უხდის USAID სამართლის უზენაესობის პროგრამას, პროექტის დაფინანსებისა და მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის.