19 ნოემბერს,  იურიდიული დახმარების სამსახურმა, გაეროს ლტოლვილთა უუმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ოფისის მხარდაჭერით, ქალაქ ბორჯომში ჩაატარა სამუშაო შეხვედრა თემაზე „იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდა მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის“. 

შეხვედრა გახსნეს სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელმა (UNHCR) საქართველოში იოჰან ფრანცმა. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი, ლევან კასრაძე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ქეთევან ბეთლემიძე, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი. ასევე ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები.
შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა, მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატის გაფართოების საკითხის განხილვა და კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანამდე, უწყებათაშორისი დიალოგის გამართვა.

დისკუსიის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ თემაზე შეხვედრები ისევ გაგრძელდება და ოპტიმალური გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.