ცხელი ხაზი: 292 00 55
28 თებერვალს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დავით სიმონიამ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გახსნეს.
საკონსულტაციო ცენტრის საქმიანობის მიზანია სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის დახმარება. აღნიშნული სერვისი ითვალისწინებს სამართლებრივი დოკუმენტების (საჩივარი, სარჩელი, განცხადება, შუამდგომლობა, შესაგებელი და სხვ.) შედგენას და საადვოკატო მომსახურებას, მათ შორის კანონით გათვალისწინებული გადახდისუუნარო პირებისთვის უფასოდ, რაც თავისთავად უზრუნველყოფს აღნიშნული მოწყვლადი ჯგუფების ბენეფიციარების ხელმისაწვდომობას კონკრეტულ სერვისებზე. ნებისმიერ სამართლებრივ თემაზე უფასო კონსულტაცია შესაძლებელი იქნება, როგორც ადგილზე მისვლისას, ასევე დისტანციურ რეჟიმში.
ამავე დღეს, ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გაიმართა შეხვედრა მოსახლეობასთან, სადაც სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ წარადგინა სპეციალური პრეზენტაცია უფასო სამართლებრივი დახმარების და სამსახურის სერვისების შესახებ
საინფორმაციო შეხვედრაში, გარდა სამთავრობო უწყების წარმომადგენლებისა, მონაწილობდნენ ზუგდიდში მოქმედი, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ამ თემით დაინტერესებული, გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.