ცხელი ხაზი: 292 00 55
1 მარტს, ქარელში (თამარ მეფის 24) იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. ცენტრში შესაძლებელი იქნება უფასო სამართლებრივი დახმარების მიღება ქარელის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის.
აქამდე ქარელის მოსახლეობას საზოგადოებრივი ადვოკატებისა და კონსულტანტის მომსახურების მიღებისთვის გორის იურიდიული დახმარების ბიუროში ჩასვლა უწევდათ. ამჯერად, უფასო სამართლებრივი დახმარება ქარელის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია.
ქარელის საკონსულტაციო ცენტრის ოფისი გახსნეს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დავით სიმონიამ, გორის ბიუროს უფროსმა გიგა ჯეირანაშვილმა და ქარელის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ სულაქველიძემ. ადგილობრივებს წარუდგინეს ცენტრის კონსულტანტი ნინო მასურაშვილი, რომელიც ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე შეძლებს სამართლებრივი კონსულტაციის გაწევას, მათ შორის, მიწის რეგისტრაცია, საბანკო ვალდებულებები, ბავშვთა უფლებები, მემკვიდრეობა და ა. შ.
საკონსულტაციო ცენტრის გარე ფასადზე დამაგრდა იურიდიული დახმარების სამსახურის სპეციალური საფოსტო ყუთი, რომელიც განკუთვნილია იმ ბენეფიციართა წერილებისათვის, რომლებიც ობიექტურ მიზეზთა გამო ვერ მოახერხებენ კონსულტანტთან უშუალოდ შეხვედრას და თავიანთ შეკითხვებსა და განცხადებებს წერილობითი ფორმით ჩამოაყალიბებენ და საფოსტო ყუთში მოათავსებენ.
გახსნის ცერემონიის შემდეგ გაიმართა შეხვედრა მოსახლეობასთან, სადაც დავით სიმონიამ წარადგინა პრეზენტაცია უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემის, დახმარების მიღების კრიტერიუმების, სამსახურის პროექტების შესახებ. დაინტერესებულ პირებს გაეწიათ ინდივიდუალური კონსულტაციები.