დღეს, 19-მაისს ქ. ზუგდიდში,  ბიბლიოთეკის შენობაში განთავსებულ ამერიკის კუთხეში, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ქ. ზუგდიდში საქმიანი ლანჩზე მიიწვია  იურიდიული დახმარების სამსახურის ზუგდიდის ბიუროს თანამშრომლები. შეხვედრის  ძირითადი თემა  იყო იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობა, სამომავლო გეგმები და საჭიროებები.

ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიურო უფროსმა რომან კეიდიამ ელჩს გააცნო ბიუროს მუშაობის სპეციფიკა, მართლმსაჯულების კუთხით რეგიონში არსებული საკითხები, გამოწვევები, პრობლემები. სამსახურის მიერ ცნობიერების ამაღლების კუთხით გაწეული საქმიანობა და სამომავლო გეგმები. იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების მიმართულებით გაწეული საქმიანობა და დაგეგმილი ღონისძიებები. სკოლებში სამსახურის მიერ არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის და ბულინგის საკითხებზე ბავშვებთან ჩატარებული შეხვედრები. საუბარი შეეხეო ბავშვთა უფლებებს, ოჯახური ძალადობის საკითხებსა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს.

შეხვედრაზე განხილულ იქნა პროცესის მწარმოებელ ორგანოებთან ურთიერთობები. ბიუროს ადვოკატებმა  ხაზი გაუსვეს საკოორდინაციო შეხვედრების პერიოდულ ჩატარების საჭიროებას -  იურიდიული დახმარების სამსახურის, ადგილობრივი ხელისუფლების, პროკურატურის, პოლიციის, სახალხო დამცველის აპარატის, სოციალური სამსახურის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის  და არასამთავრობო სექტორის ჩართულობით, სადაც განხილული და გადაწყვეტილი იქნება კონკრეტული "ქეისები" ოჯახში ძალადობის და არასრულწლოვანთა საქმეებზე, რასაც ელჩი და საელჩოს სხვა წარმომადგენლები მიესალმნენ და აღნიშნეს, რომ ასეთ კოორდინირებულ შეხვედრებს ბევრი დადებითი შედეგების მოტანა შეუძლია და ემსახურება ოჯახისა და ბავშვების მომავლის გადარჩენას. 

ცალკე საკითხად იქნა განხილული სამეგრელოს რეგიონში არსებული იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრების საქმიანობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუხის ახალგახსნილ საკონსულტაციო ცენტრზე და სამართლებრივი დახმარების მიღებაზე, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე  დევნილებისთვის და აფხაზი მოქალაქეებისთვისაც. 

გარდა ამისა, საუბარი შეეხო ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერების საკითხებს და ამ მიმართებით პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობების ფანჯრის გახსნას, რათა სამომავლოდ ეს ინსტიტუტი უფრო მეტი პროფესიონალით იქნეს წარდგენილი იურიდიული დახმარების სამსახურის მხრიდან.

ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობა, არის ძალიან დასაფასებელი დემოკრატიული და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სახელმწიფოსთვის და აღფრთოვანებას იწვევს ისიც, რომ ბიუროში დატვირთული საქმიანობის პარალელურად, საზოგადოებრივი ადვოკატები და კონსულტანტები ახერხებენ საინფორმაციო და საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებას. 

აშშ ელჩმა კელი დეგნანმა და ამერიკული კუთხის წარმომადგენლებმა სამომავლოდ,  სრული მხარდაჭერა აღუთქვეს იურიდიული დახმარების სამსახურს  სხვადასხვა მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს სამსახურის ინსტიტუციურ გაძლიერებას და ადამიანის უფლებების დაცვის პროცესის კიდევ უფრო გაუმჯობესებას