ცხელი ხაზი: 292 00 55
7 ივლისს, თბილისში იურიდიული დახმარების სამსახურის სპეციალიზებულ საქმეთა ბიურო გაიხსნა. ლენტი გაჭრეს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ, ბიუროს უფროსმა თეონა კვერნაძემ და ILAF -ის პროგრამის დირექტორმა ალან დალმა. ბიუროში დასაქმებულია 19 საზოგადოებრივი ადვოკატი, რომლებიც რამდენიმე განხრით იმუშავებენ: სისხლის სამართლის მიმართულებით განხორციელდება არასრულწლოვანი მოწმის და სტატუსის მქონე პირთა დაცვა, იმუშავებენ საპროცესო შეთანხმების გაფორმების და განაჩენის აღსრულების ეტაპზე შემოსულ საქმეებზე;
სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციის მქონე ადვოკატები გაუძღვებიან თავშესაფრის მაძიებელთა, საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, გაუქმების ან თავშესაფრის მიცემის საკითხთან დაკავშირებით შემოსულ საქმეებს; ჩაერთვებიან არასრულწლოვანის მშობლისგან განცალკევებასთან, ნახვის დღეების განსაზღვრასთან, მინდობით აღზრდასთან, მშობლის უფლების შეზღუდვასთან, ჩამორთმევასთან დაკავშირებულ დავებში; ასევე, იმუშავებენ არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების/ვადის გაგრძელების შესახებ შემოსული საქმეებზე, სამედიცინო, შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ დავებზე.
სპეციალიზებულ საქმეთა ბიუროს ფუნქციონირებისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა/სავარაუდო მსხვერპლთა ინტერესების დაცვას.
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ აღნიშნა, რომ სპეციალიზებულ საქმეთა ბიუროს გახსნა არის სამსახურის ინსტიტუციური განვითარების ახალი ეტაპი. მან მადლობა გადაუხადა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს აღნიშნულ საქმეში.