ცხელი ხაზი: 292 00 55
9 აგვისტოს, უზბეკეთისა და და ტაჯიკეთის მართლმსაჯულებაში ჩართული უწყებების წარმომადგენელთა დელეგაციის წევრები, რომლებიც საქართველოში სასწავლო ვიზიტით გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით იმყოფებიან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ესტუმრნენ. ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა სტუმრებს გააცნო ასოციაციის ორგანიზაციული სტრუქტურა, ეთიკის კომისიის ფუნქციონირება და ადვოკატის დამოუკიდებლობის სტანდარტები. ესაუბრა ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ.
ამავე დღეს, დელეგაციის წევრთა მოთხოვნით, უფასო სამართლებრივი დახმარების საკითხებთან დაკავშირებით დამატებით ჩაინიშნა კონფერენცია, რომელსაც იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე ნინო მელაძე უძღვებოდა. მან უცხოელ კოლეგებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის ბენეფიციართა კატეგორიებზე, საზოგადოებრივი ადვოკატების საქმეში ჩართვის პრინციპებზე, მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრსა და გაწეული იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების სისტემაზე. ასევე უპასუხა დელეგაციის წევრთა შეკითხვებს.
იურიდიული დახმარების სამსახურის ელექტრონული სისტემების მართვის და ინფორმაციის დამუშავების სამმართველოს უფროსმა დიმიტრი სამხარაძემ წარმოადგინა პრეზენტაცია სამსახურში დანერგილი საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის - "ქეის ბანკის" შესახებ, ისაუბრა ვებგვერდებზე, მობილური აპლიკაციისა და სამსახურში დანერგილი ხელოვნური ინტელექტის შესახებ. აღნიშნულ საკითხებზე სტუმრების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილემ, მიხეილ ხურციძემ.
10 აგვისტოს, იურიდიული დახმარების სამსახურის მენეჯმენტის წევრები უზბეკ და ტაჯიკ კოლეგებთან ერთად უზენაეს სასამართლოს ესტუმრნენ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, თამარ ოქროპირიძემ სტუმრებს გააცნო საქართველოში მოქმედი სასამართლო სისტემა და უპასუხა მათ კითხვებს. ვიზიტის ბოლოს დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა, სასამართლო დარბაზები, ეწვივნენ მუზეუმს, სადაც თავმოყრილია საქართველოს სასამართლო სისტემის ისტორიის ამსახველი მნიშვნელოვანი ექსპონატები.
უზბეკეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ფაზილიდინ ზაპიროვმა და ტაჯიკეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა სოდიქ შონაზაროვმა გულითადი მადლობა გადაუხადეს ქართველ კოლეგებს გულთბილი მასპინძლობისთვის და აღნიშნეს, რომ ეს იყო ძალზე ნაყოფიერი ვიზიტი. მათ მიიღეს ღირებული ინფორმაცია საქართველოში მოქმედი უფასო იურიდიული დახმარებისა და მართლმსაჯულების სისტემის შესახებ, რომელსაც აუცილებლად გამოიყენებენ თავიანთ ქვეყნებში მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესში. დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ მათზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ბოლო წლებში სამსახურში განხორციელებულმა რეფორმებმა. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Tajikistan) კანონის უზენაესობის პროექტის მენეჯერმა შამა ფარუქმა აღნიშნა, რომ საქართველოს უფასო იურიდიული დახმარების სისტემა არის ერთ-ერთი მოწინავე მსოფლიოში და ვიზიტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ტაჯიკეთისა და უზბეკეთის იურიდიული დახმარების სისტემების ჩამოყალიბებაში. ამ საქმეში ქართველი ექსპერტების მომავლი ჩართულობა პოზიტიურ გავლენას მოახდენს მთელ პროცესზე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მჭიდრო ურთიერთობა უზბეკეთისა და ტაჯიკეთის დელეგაციებთან როგორც ონლაინ, ასევე პირისპირ შეხვედრების საშუალებით, მომავალშიც გაგრძელდება.