16 აგვისტოს, ნიუ იორკის შტატში, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია ეწვია ქალაქ ალბანის საადვოკატო ცენტრს და შეხვდა  ნიუ-იორკის შტატის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტს რიჩარდ ლუისს.

შეხვედრაზე განიხილეს მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც აშშ-სა და საქართველოში მოქმედ მართლმსაჯულების სისტემას მოიცავდა და გადახდისუუნარო პირთა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფას შეეხებოდა.  ხელმძღვანელებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება უფასო სამართლებრივი დახმარების ინსტიტუციების მუშაობის შესახებ. 

დავით სიმონიას განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მართლმსაჯულების სისტემა მისაბაძია არაერთი ქვეყნისთვის იმდენად, რამდენადაც მისი ყველა მიმართულება კარგადაა განვითარებული და მორგებულია ადამიანის უფლებათა დაცვის ფუნდამენტური პრინციპების განუხრელ დაცვაზე.  ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის  მჭიდრო თანამშრომლობას აშშ-ს შესაბამის სტრუქტურებთან. 

რიჩარდ ლუისმა აღნიშნა, რომ ამერიკის მართლმსაჯულებასაც აქვს გამოწვევები და ეს პირველ რიგში მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაა. ამავდროულად აშშ-ს მოსახლეობა, მათ შორის, იურიდიული საზოგადოება, მთლიანად მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიის განვითარებას, ამით ისინი ისწრაფვიან საკუთარი საქმიანობის გასაუმჯობესებლადაც. 

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის და ნიუ იორკის შტატის ადვოკატთა ასოციაციის თანამშრომლობით დაიწყება პროექტი, რომელიც ქართველი ემიგრანტების, მათ შორის, აშშ-ში არალეგალურად მყოფი მოქალაქეების სამართლებრივ დახმარებას მოიცავს.