13 ოქტომბერს, ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროში სამუშაო შეხვედრა შედგა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის აჭარის და სამეგრელო - ზემო სვანეთის საველე ოფისის  კოორდინატორებთან  ნანა პაპიაშვილთან და ნანა წულაიასთან. 

შეხვედრისას აღინიშნა, რომ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით და კონსულტაციით აჭარიდან განხორცილდა არაერთი სამუშაო მაძიებელთა ლეგალური დასაქმება საზღვარგარეთ.  ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ უკანონო მიგრაციას, უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევას თან ახლავს რისკები და ყველა შემთხვევაში წარმოშობს სირთულეებს როგორც ინდივიდუალურ, ასევე ქვეყნის დონეზე. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ადამიანით ვაჭრობის/ტრეფიკინგის, უვიზო მიმოსვლის, საქართველოდან ემიგრაციის, საზღვარგარეთ სწავლის, საქართველოში დაბრუნების და სხვა საკითხები.

ბიუროს უფროსმა ნათია ბოჯგუამ  სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების კრიტერიუმებსა  და სამსახურის სერვისებზე.

შეხვედრის მთავარი მიზანი გახლდათ მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით იურიდიული დახმარების სამსახურის ფოთის ბიუროს თანამშრომლების და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლების ერთობლივი საინფორმაციო შეხვედრების განხორციელება მოსახლეობასთან და სამომავლო გეგმების განხილვა.