2024 წლის 11 ოქტომბერს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე "იურისტის პროფესიული განვითარება".

დისკუსიის პანელზე წარმოდგენილმა ექსპერტებმა - სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ, დასავლეთ საქართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ბიუროს უფროსმა გელა სიორდიამ და ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა შონიამ თავიანთი პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს სტუდენტებს საადვოკატო საქმიანობასთან დაკავშირებით, განიხილეს იურისტის პროფესიის თავისებურებები, ისაუბრეს იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებზე და საზოგადოებრივი ადვოკატის როლზე, ასევე იმ შესაძლო წნეხზე, რასაც შეიძლება განიცდიდეს საზოგადოებრივი ადვოკატი საზოგადოების მხრიდან, როდესაც ის მძიმე ბრალდებულს იცავს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებიც. ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, განიხილეს რამდენიმე გახმაურებული საქმე, რომელშიც საზოგადოებრივი ადვოკატები არიან ჩართული, წარმოადგინეს თავიანთი მოსაზრებები.

იურიდიული დახმარების სამსახური აქტიურად განაგრძობს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას.