ცხელი ხაზი: 292 00 55
სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის სამმართველოს იურისტი.
ბორის მაჭარაშვილი, იურიდიული დახმარების სამსახურის სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის სამმართველოს იურისტია. ის იურიდიული დახმარების სამსახურის გუნდს 2013 წლიდან შეუერთდა.
იურიდიული დახმარების სამსახურში მოსვლამდე, ბორის მაჭარაშვილი იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის თანამშრომელი და 2008-2013 წლებში საადვოკატო საქმიანობას ახორციელებდა კახეთის რეგიონში სისხლის სამართლის მიმართულებით. ამასთანავე, თელავის ოფისში ხელმძღვანელობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშემწყობი ფონდის დებატ-კლუბს.
2009-2010 წლებში კახეთის რეგიონში კოორდინაციას უწევდა ამავე ფონდის პროექტს „ახალგაზრდა ლიდერები საზოგადოების სამსახურში“ და აქტიურ მონაწილეობას იღებდა მის განხორციელებაში.
ბორის მაჭარაშვილი, 1999–2003 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში, ისტორია – იურიდიულ ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მიენიჭა ისტორიის სპეციალობით ხარისხი. მან, 2003–2007 წლებში სწავლა გააგრძელა იმავე უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
ბორის მაჭარაშვილს გავლილი აქვს არაერთი სასწავლო კურსი და ჩაბარებული აქვს არაერთი გამოცდა, მათ შორის:
2007-2008 წლებში წარმატებით გაიარა სასწავლო კურსი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშემწყობ ფონდში - სისხლის სამართლის სპეციალიზაციით;
2008 წელს სტაჟირება გაიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს იურიდიულ კლინიკაში;
2008 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, ხოლო 2012 წელს - ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით.
2010 წელს ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით და იმავე წელს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა;
2011 წელს ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ინიციატივით განხორციელებული სასწავლო პროგრამის გავლის შედეგად ბორის მაჭარაშვილი დაეუფლა ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პირველი ხარისხის სერტიფიკატს - ევროპულ სისხლის სამართალში.
მას, 2015 წლიდან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, ფსიქოლოგიისა და არასრულწლოვანთა ურთიერთობის მეთოდიკის სასწავლო პროგრამის გავლის შემდეგ, მიენიჭა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული ადვოკატის სტატუსი.
ბორის მაჭარაშვილი, 2008 წლიდან არის სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ხოლო 2017 წლიდან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი.
მას სხვადასხვა წლებში გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი და სემინარი, მათ შორის – სისხლის სამართლის პროცესი და ადვოკატის უნარ–ჩვევები, სასამართლო პროცესის წარმოების უნარ–ჩვევები, ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტები, არასათანადო მოპყრობის საჩივრებთან დაკავშირებით გამოძიების შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან, ადვოკატთა პროფესიული ეთიკა, ადვოკატთა პრეზენტაციის უნარ-ჩვევები, სახელმწიფო მართვა, სტრატეგიული დაგეგმვა, შეფასების უნარების განვითარება, აღკვეთის ღონისძიებების, ევროკონვენციის მე–5 მუხლისა და ადვოკატთა პრეზენტაციის უნარ–ჩვევების შესახებ, ფონდების მოძიების გაუმჯობესება და სხვა.
ბორისი თანაავტორია არაერთი გამოცემის, მათ შორის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გამოცემული „სავარაუდო პოლიტიკური მოტივაციის მქონე სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების". ასევე ავტორია 2010 წელს გამოცემული პუბლიკაციისა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პრობლემები საქართველოში“ და სხვა.
ბორის მაჭარაშვილი დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე და 3 შვილი.