ცხელი ხაზი: 292 00 55
21 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ბიუროების სტაჟიორებმა იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს, რითიც იურიდიული კლინიკის 4-თვიანი პროგრამა დაასრულეს.
სტაჟიორები, რომლებიც სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტებზე სწავლობენ, დაყოფილნი იყვნენ დაცვისა და ბრალდების მხარეების, ასევე – მოსამართლეთა გუნდებად. მათ განიხილეს სისხლის სამართლის საქმე, რომელიც განზრახ მკვლელობას ეხებოდა.
იმიტირებული პროცესის ფარგლებში, სტუდენტებმა წარმოაჩინეს სისხლის სამართლის საქმის წარმოების პრაქტიკული უნარ-ჩვევები, დოკუმენტებზე მუშაობის გამოცდილება და თეორიული ცოდნა. პროცესი ბრალდების მხარის (თბილისის ბიუროს სტაჟიორთა გუნდის) გამარჯვებით დასრულდა. იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, მელიტონ ბენიძემ, სტუდენტებს სერთიფიკატები გადასცა და სტაჟირების წარმატებით დასრულება მიულოცა.
იმიტირებული სასამართლო პროცესი იურიდიული კლინიკის პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტია. ამის გარდა, იურიდიული კლინიკის პროგრამის მიხედვით, სტაჟიორები, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების ხელმძღვანელობით, რეალურ კლიენტებს ხვდებიან და კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით სხვადასხვა სამართლებრივ დოკუმენტებსაც ამზადებენ. მათ, ასევე, სასამართლოს, პროკურატურის, სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და სხვა ორგანოებთან პროფესიული ურთიერთობის საშუალებაც ეძლევათ.
იურიდიული კლინიკის პროექტი უკვე მეცხრე წელია ხორციელდება და ხელს უწყობს სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების პროფესიულ განვითარებას. დღეისათვის იურიდიული კლინიკები ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის-ქუთაისისა და აჭარის ბიუროებში.