ცხელი ხაზი: 292 00 55
იურიდიული დახმარების სამსახურმა 7 სხვადასხვა ენაზე შედგენილი იურიდიული ბროშურები გამოსცა. საინფორმაციო მასალების ბეჭდვა შესაძლებელი გახდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ერთობლივი ინიციატივის – „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში.
იურიდიული ბროშურები ეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: იურიდიული დახმარების სერვისი, მემკვიდრეობა, ქორწინება, უძრავი ქონების შეძენა–გასხვისება, ოჯახში ძალდობის მსხვერპლთა დაცვა, პირის „მხარდაჭერის მიმღებად“ ცნობა, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია, ასევე – იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა. ბროშურები გამოიცა ქართულ, აფხაზურ, ოსურ, სომხურ, აზერბაიჯანულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.
საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იურიდიული დახმარების სამსახურის რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან რეგულარულად მართავენ შეხვედრებს, გასწევენ კონსულტაციებს და აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე შედგენილ ბროშურებს ავრცელებენ. გასულ წელს, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, 200-მდე სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდა: საინფორმაციო შეხვერები გაიმართა სკოლის მოსწავლეებთან, დევნილებთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, თვითმმართველობის ორგანოებისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებთან.
იურიდიული დახმარების სამსახურის მხარდაჭერა წარმოადგენს ერთ-ერთ პრიორიტეტს ევროკავშირის და გაეროს ერთობლივი ინიციატივისა – „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“. პროგრამა, 3.3 მილიონი ევროს ბიუჯეტით, მიზნად ისახავს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, პროფესიონალიზმისა და ეფექტიანობის განმტკიცებას, ასევე მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაძლიერებას – ბავშვებისთვის უფრო ეფექტური მართლმსაჯულების შექმნის, იუსტიციის სამინისტროსა და მართლმსაჯულების სექტორის სხვა ინსტიტუტების პოტენციალის ზრდის, იურიდიული პროფესიისა და იურიდიული დახმარების სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერების, ასევე დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების დანერგვის გზით.