2017 წლის 27 თებერვალს იურიდიული დახმარების სამსახურმა და უფასო იურიდიული დახმარების მიმწოდებელმა 19-მა ორგანიზაციამ იმსჯელეს ონლაინ რუკისა და ონლაინ პლატფორმის პროექტზე, რომელიც მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს მოიძიონ და დაუკავშირდნენ უფასო იურიდიული სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციები მათი საჭიროებების მიხედვით. პლატფორმა მისცემს საშუალებას იურიდიული დახმარების მიმწოდებელ ორგანიზაციებს დარეგისტრირდნენ ელექტრონულად და მართონ საკუთარი ვებ გვერდები. უფასო იურიდიული დახმარების მიმწოდებელი ორგანიზაციების გარდა რუკაზე მართლმსაჯულების სისტემაში ჩართული სხვა სუბიექტებიც, როგორიცაა სასამართლოები, პროკურატურა, პოლიცია, ნოტარიუსები, მედიატორები.

პლატფორმისა და რუკის პროექტის პრეზენტაცია განახორციელა სასამართლო მოხელეთა ასოციაციამ, რომელსაც უკვე აქვს შექმნილი პოპულარული ვებგვერდი სასამართლოს მომხმარებლებისთვის - probono.court.ge. მრგვალი მაგიდის მონაწილეებს შორის საბოლოო შეთანხმების მიღწევის შემდეგ ასოციაცია განავითარებს პლატფორმას და რუკას გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით და უზრუნველყოფს მის გამართულ ფუნციონირებას მომავალში.

მრვალ მაგიდაზე ასევე გაგრძელდა დისკუსია იურიდიული დახმარების მიმწოდებლებს შორის, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2016 წლის 6 დეკემბერს და რომლის მიზანია საქართველოში უფასო იურიდიული დახმარების ეფექტური გადამისამართების სისტემის შექმნა.

ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ერთობლივი ინიციატივის – „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში.  პროგრამა ხორციელდება ევროკავშირსა და საქართველოს შორის შეთანხმების საფუძველზე. პროგრამის მიზნებია: მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდა, იურიდიული მომსახურების განვითარება, მათ შორის იურიდიული დახმარების სამსახურის გაძლიერება და დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმების დანერგვა, ეფექტიანი და ბავშვებზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სისტემის შემოღებისა და განვითარების მხარდაჭერა.