ცხელი ხაზი: 292 00 55
10 მარტს, იურიდიული დახმარების სამსახურის საჩხერის საკონსულტაციო ცენტრის იურისტმა, ინგა ნოზაძემ, შეხვედრა გამართა ა(ა)იპ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანადგომა-ინტეგრაციის“ ბენეფიციარებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან. შეხვედრა საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში, ინგა ნოზაძემ მონაწილეებს უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნო. ყურადღება გამახვილდა იმ სერვისებზე, რომლებსაც იურიდიული დახმარების სამსახური შეზღუდული შესაძლებლობები მქონე პირებს უწევს: კერძოდ, ეხმარება ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე პირებს „მხარდაჭერის მიმღების“ სტატუსის მოპოვებაში, ასევე კანონით დადგენილ ფარგლებში, უწევს უფასო საადვოკატო მომსახურებას ისეთ საკითხებზე, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალურ დაცვას ეხება.
გარდა ამისა, შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა შშმ პირთა უფლებების დაცვის სამართლებრივი გარანტიები; რა საკანონმდებლო ბაზა არსებობს შშმ პირთა სოციალური, განათლების, შრომის უფლებათა ხელშეწყობის, ასევე – დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისათვის. საუბარი ასევე შეეხო სახელმწიფოს ვალდებულებას, შშმ პირთა საჭიროებებისათვის ინფრასტრუქტურის ადაპტირების შესახებ.
იურიდიული დახმარების სამსახურის რეგინული ბიუროები და საკონსულტაციო ცენტრები მსგავს შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რაც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.