11–12 მარტს, ბორჯომში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც იურიდიული დახმარების საბჭოს წევრებმა, იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციასთან ერთად, სამსახურის ახალი დებულების პროექტი განიხილეს. შეხვედრა ორგანიზებული იყო ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“ მიერ.

ახალი დებულების პროექტით, რომელიც ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროგრამის მხარდაჭერით შემუშავდა, სამსახურის ცენტრალურ აპარატში მენეჯმენტის სამი მიმართულება გაჩნდება: 1) პროფესიული, ადმინისტრაციული და ფინანსური მხარდაჭერა, 2) მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და 3) ადამიანური რესურსებისა და სერვისების განვითარება. დებულების პროექტი ეყრდნობა სტრუქტურის რეორგანიზაციის კონცეფციას, რომელიც კომპანია „სინერჯი ჯგუფმა“ იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციასა და საბჭოსთან კონსულტაციით შეიმუშავა.

სტრუქტურის რეორგანიზაცია დღის წესრიგში დადგა მას შემდეგ, რაც იურიდიული დახმარების სამსახურის სამართლებრივი სტატუსი შეიცვალა, სამსახური დამოუკიდებელ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა და მისი მანდატი გაფართოვდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით განსაზღვრულ ბენეფიციარებზე; ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე პირთა „მხარდაჭერის მიმღებად“ ცნობის საქმეებზე; დავებზე, რომელიც უკავშირდება საოჯახო, მემკვიდრეობის და სოციალური დაცვის საკითხებს; ასევე – თავშესაფრის და ლტოლვილის სტატუსის მინიჭება–შეწყვეტის საქმეებზე. ახალი ორგანიზაციული სტრუქტურა გააძლიერებს იურიდიული დახმარების სამსახურის პოტენციალს მომსახურების მიწოდების, ხარისხის მონიტორინგის და განვითარების მიმართულებით.

სტრუქტურის რეორგანიზაცია ნაწილია იმ ძალისხმევისა, რომელსაც ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროგრამა იურიდიული დახმარების სამსახურის გასაძლიერებლად მიმართავს. ახალი დებულების პროექტზე მუშაობა 2016 წელს დაიწყო და მის შესამუშავებლად რამდენიმე სამუშაო შეხვედრა ჩატარდა იურიდიული დახმარების საბჭოს, იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციისა და რეგიონული ბიუროების წარმომადგენლების მონაწილეობით. გარდა აღნიშნულისა, ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროგრამა მხარს უჭერს იურიდიული დახმარების სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარებას, ოფისებისა და სერვისების ადაპტირებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, იურიდიული დახმარების სამსახურში მომუშავე ადვოკატების პროფესიულ გადამზადებას, ასევე უფასო იურიდიული დახმარების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.