ცხელი ხაზი: 292 00 55
საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი უცხოელებისა და საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირთა უფლებების დაცვის მიზნით, იურიდიული დახმარების სამსახურმა და ქალთა საკონსულტაციო ცენტრმა „სახლმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტს ხელი ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა, მელიტონ ბენიძემ და რუსუდან ფხაკაძემ, მოაწერეს.
მემორანდუმის თანახმად, მხარეები უზრუნველყოფენ საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა, აგრეთვე საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირთა შესახებ ინფორმაციის გაცვლას, მათ დაცვას და დახმარებას, ფსიქოსოციალურ რეაბილტაციას, გენდერული ძალადობის პრევენციას, არსებული სერვისების შესახებ ლტოლვილთა ინფორმირებას და, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათთვის კვალიფიციური უფასო იურიდიულ დახმარების გაწევას.
თავშესაფრის მაძიებელ უცხოელებს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება–შეწყვეტის საკითხებზე უფასო საადვოკატო მომსახურებით სარგებლობის უფლება 2016 წლიდან მიეცათ. გასულ წელს, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებმა უფასო მომსახურებმა 187 უცხოელს გაუწიეს. წარმოშობის ქვეყნის მიხედვით, უფასო იურიდიული დახმარებით მოსარგებლე თავშესაფრის მაძიებელთა შორის ჭარბობენ ერაყის, ბანგლადეშის, ეგვიპტისა და ირანის მოქალაქეები.
ქალთა საკონსულტაციო ცენტრი „სახლი“ არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1997 წლიდან ოჯახში ძალადობის პრობლემაზე მუშაობს. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ხელშეწყობით, „სახლი“ უზრუნველყოფს ლტოვილებს (მათ შორის, თავშესაფრის მაძიებლებს) ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის, ფსიქიატრიული, სამედიცინო და სოციალური კონსულტაციის სერვისებით.