რა მიმართულებებით უნდა გაფართოვდეს სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი უფასო იურიდიული დახმარება – ამ საკითხზე ჩატარებული კვლევის შედეგებს დღეს იურიდიული დახმარების საბჭოს წევრები და იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციის წარმომადგენლები გაეცნენ. კვლევა, აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის – PROLoG-ის ხელშეწყობით, СRRC–საქართველომ ჩატარა.

კვლევის ფარგლებში გამოიკითხნენ იურიდიული დახმარების გაწევაში ჩართული პირები, ადვოკატები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე – მოსამართლეები. მათი გამოკითხვისა და სტატისტიკური მონაცემების ანალიზის შედეგად, СRRC–საქართველომ გამოავნილა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის ის აქტუალური საკითხები, რომლებზეც ყველაზე მეტად იკვეთება უფასო საადვოკატო მომსახურების დანერგვის საჭიროება.

აქტუალურ საკითხებს შორის გამოვლინდა: უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დაცვა, სამსახურიდან გათავისუფლებასა და აღდგენას დაკავშირებული დავები, სტიქიით დაზარალებული პირების დაცვა კომპენსაციის მიღების საკითხებზე, საცხოვრებელი სადგომის უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებული დავები, სესხებთან დაკავშირებული დავები, ასევე – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისა და დისკრიმინაციის მსხვერპლთა დაცვის საკითხები.

დღეისათვის, „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედებს დროებითი წესი, რომლის მიხედვითაც უფასო საადვოკატო მომსახურება გათვალისწინებულია საოჯახო სამართლის, მემკვიდრეობის სამართლის, ასევე სოციალური დაცვის კანონმდებლობასთან დაკავშირებულ დავებზე. СRRC–საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, მომზადდება გეგმა, რომელიც 2018 წლის შემდგომ პერიოდში იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატის გაფართოების სტრატეგიას განსაზღვრავს.