ცხელი ხაზი: 292 00 55
იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის-ქუთაისის ბიუროს ადვოკატი, ვალერი კვანტალიანი, იცავდა მოქალაქე ზ.ვ.-ს, რომელსაც ბრალი ედებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში (ოჯახში ძალადობა), რაც საზოგადოებრივი სასარგებლო შრომით და ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ბრალდებული ზ.ვ. 65 წლის მამაკაცია, რომელსაც აქვს მხედველობის პრობლემები. ის ცხოვრობს თავის მეუღლესთან, შვილიშვილთან და შვილისშვილის მეუღლესთან ერთად. ზ.ვ.-ს ფიზიკური ნაკლის გამო დაენიშნა ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე.
ბრალდებული მოთავსებული იქნა დოებითი მოთავსების იზოლატორში, და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით. უმოკლეს ვადაში ზ.ვ.-ს ოჯახმა უზრუნველყო გირაოს გადახდა, ბრალდებული გათავისუფლდა საპატიმრო ადგილიდან.
ზ.ვ.-მ ადვოაკატთან ერთად აირჩია ბრალდების მტკიცებულებათა გაბათილების გზით გამართლების სტრატეგია. სასამართლოზე ასევე წარდგენილი იქნა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებანი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა რამდენიმე თვეს გაგრძელდა. დაიკითხნენ მოწმეები და ექსპერტი, ხოლო დაზარალებულმა და ერთ–ერთმა მთავარმა მოწმემ გამოიყენეს უფლება ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის თაობაზე. ექსპერტის დასკვნით არ დასტურდებოდა სხეულის დაზაიანების ფაქტი. ადვოკატ ვალერი კვანტალიანთან კონსულტაციის შემდეგ, ბრალდებულმა აირჩია დუმილის უფლება.
დასკვნით სიტყვაში ბრალდების მხარე იყენებდა იმ მტკიცებულებებს, რომლებიც დაცვის მხარის აზრით, პირდაპირ ვერ ადასტურებდა ფაქტებს. დაცვის მხარის მიერ არჩეულმა სტრატეგიამ ფაქტობრივად უიარაღოდ დატოვა ბრალდების მხარე.
საბოლოოდ, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ადვოკატ ვალერი კვანტალიანის არგუმენტები და 22 ივნისს სრულად გაამართლა ბრალდებული. ზ.ვ.-ს ასევე დაუბრუნდა გირაოს სახით გადახდილი თანხა.