30 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, კაჭრეთში, სასტუმროში „ამბასადორი“, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები და კონსულტანტები დევნილთა სამართლის საკითხებზე ორგანიზებულ ტრენინგს დაესწრნენ. სწავლება ჩატარდა ლტოლვილთა დანიის საბჭოს პროექტის - „გაუმჯობესებული სერვისები - დაცული მოწყვლადი ჯგუფები“ - ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის „მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს“ (BPRM) ფინანსური მხარდაჭერით.

3-დღიანი ტრენინგის ფარგლებში, იძულებით გაადგილებულ პირთა საკითხებზე მომუშავე უწყებების - დევნილთა სამინისტროს, სასამართლოსა და სახალხო დამცველის - წარმომადგენლებმა იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტებს დევნილთა მიმართ შემუშავებული სახელმწიფო პოლიტიკა, სამართლებრივი რეგულაციები, სასამართლო პრაქტიკა და დევნილთა უფლებების მონიტორინგის შედეგები გააცნეს. განსაკუთრებული ყურადღება დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხზე გამახვილდა.

გადახდისუუნარო დევნილებისთვის, კანონით დადგენილ ფარგლებში, იურიდიული დახმარების სამსახურის უფასო საადვოკატო მომსახურება გათვალისწინებულია 2015 წლიდან, „დევნილთა შესახებ კანონით“ და მისგან გამომდინარე სამართლებრივი აქტებით დაცულ უფლებათა დაღვევის შემთხვევაში.