„საქართველოს პარლამენტის სახელით, ვადასტურებ სრული მზადყოფნას იმასთან დაკავშირებით, რომ იურიდიული დახმარების სამსახურს ექნება პარლამენტის სრული მხარდაჭერა, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამსახურის რესურსების მუდმივი განვითარება და წარმატებული საქმიანობა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დამოუკიდებელი იურიდული დახმარების შესახებ რეგიონულ კონფერენციაზე განაცხადა. 

ირაკლი კობახიძემ კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა და იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვის მიმართულებით, საქართველოში ხელშესახები პროგრესი იქნა მიღწეული, რაშიც, მისივე თქმით, უმნიშვნელოვანეს როლს იურიდიული დახმარების სამსახური ასრულებს.

„როგორც მოგეხსენებათ, სამართლებრივი სახელმწიფოს და დემოკრატიული სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტია ადამიანის უფლების განუხრელი დაცვა და ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში გვაქვს განსაკუთრებული და ხელშესახები პროგრესი ამ მიმართულებით. საქართველოში თვისებრივად ამაღლდა უკანასკნელი წლების განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი და ამ საქმეში, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს იურიდიული სამსახური“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, იურიდიული დახმარების სამსახურს, რომელიც ათი წლის წინ დაფუძნდა, რთული პერიოდის გავლა მოუწია. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამსახურის ეფექტიან მუშაობას ღირსეულად და კეთილსინდისიერად ემსახურებიან თანამშრომლები. პარლამენტის თავმჯდომარემ მათ გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

„სამსახურს საკმაოდ რთული პერიოდის გამოვლა მოუწია ამ დროის განმავლობაში იყო სერიოზული სირთულეები დაკავშირებული ადამიანის უფლებების დაცვასთან, თუმცა, მას შემდეგ, რაც თვისებრივად ამაღლდა საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი, მას შემდეგ, რაც სასამართლო გათავისუფლდა იუსტიციის სამინისტროს და პროკურატურის დიქტატისგან, ბუნებრივია, გაიზარდა იურიდიული სამსახურის ეფექტიანობა. დღეს ის ადამიანები, რომლებიც არიან დასაქმებული იურიდიული დახმარების სამსახურში - 240 ადამიანი, რომლებიც კეთილსინდისიერად და ძალიან ღირსეულად ემსახურება მნიშვნელოვან საქმეს, ახერხებს ადამიანის უფლებების სათანადოდ დაცვას იმ მექანიზმებით, რომლებიც აქვს მიკუთვნებული იურიდიული დახმარების სამსახურს. მე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით, და იურიდიული დახმარების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, ისევე, როგორც ხელმძღვანელობას, მადლობა გადავუხადო მათ მიერ გაწეული სამუშაოსთვის. მათ ამ წლების განმავლობაში ათასობით და ათი ათასობით ადამიანს გაუწიეს იურიდიული დახმარება და როგორც უკვე აღვნიშნე, ამან ძალიან მნიშვნელოვანი, ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტისა და იურიდიული დახმარების სამსახურის ინსტიტუციურ კავშირზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს სამსახურის მიმართ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება. ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პარლამენტის სახელით, იურიდიული დახმარების სამსახურს სრული მხარდაჭერა დაუდასტურა.

„იურიდიული დახმარების სამსახური ინსტიტუციურად დაკავშირებულია საქართველოს პარლამენტთან. სამსახური არის, როგორც მოგეხსენებათ, დამოუკიდებელი უწყება, თუმცა, აკავშირებს ანგარიშვალდებულება საქართველოს პარლამენტთან და აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულია საქართველოს პარლამენტის პასუხისმგებლობა იურიდიული დახმარების სამსახურის მიმართ და იმ საქმის მიმართ, რასაც ჰქვია იურიდიული სამსახურის შემდგომი განვითარება. მე მინდა, დღეს, საქართველოს პარლამენტის სახელით დავადასტურო სრული მზადყოფნა იმასთან დაკავშირებით, რომ სამსახურს ექნება პარლამენტის სრული მხარდაჭერა, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამსახურის რესურსების მუდმივი განვითარება და რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი წარმატებული საქმიანობა. იურიდიული დახმარების სამსახური კვლავაც იდგება ჩვენი მოქალაქეების, ადამიანის უფლებების დაცვის სამსახურში და ამ კუთხით, პარლამენტის მხარდაჭერა იქნება მუდმივი და ძალიან აქტიური“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის ჩამოყალიბებასა და მის ეფექტიან მუშაობაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საერთაშორისო დონორებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს იურიდიული დახმარების სამსახურის ჩამოყალიბებაში და მის ეფექტიან მუშაობაში. თითოეულ მათგანს მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მათ მიერ შეტანილი წვლილისთვის“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რეგიონული კონფერენციის ორგანიზატორია საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახური, ხოლო მხარდამჭერები არიან ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო, ევროკავშირი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“, რომელსაც აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ახორციელებს.