2019 წლის 26 ივლისს ასპინძის მუნიციპალიტეტში მოეწყო ერთობლივი შეხვედრა იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე–ჯავახეთის ბიუროს უფროსის, შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მიერ ასპინძის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან. აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში და მთავარი თემები იყო - ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხები და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია.
შეხვედრაზე მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციასთან დაკავშირებით. იურისტებმა ასევე განმარტეს, თუ რა ითვლება ოჯახში ძალადობად, რა საკანონმდებლო რეგულაციები და რა საშუალებები არსებობს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისათვის, ვრცლად ისაუბრეს ნაადრევი ქორწინების პრობლემატიკაზე.
შეხვედრა კითხვა-პასუხით დასრულდა.