იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატის, იოსებ გაბარაევის ძალისხმევით, პრობაციონერი ვასილ ბ. პირობითი მსჯავრის გაუქმებასა და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულებას გადაურჩა.

2011 წელს, თელავის რაიონულმა სასამართლომ ვასილ ბ.–ს მიუსაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, ხოლო დანარჩენი 4 წელი ჩაეთვალა პირობით 5 წლის გამოსაცდელი ვადით. 2013 წელს, “ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ვასილ ბ.–ს სასჯელი შეუმცირდა ¼–ით. თავიდან, მსჯავრდებულის კონტროლსა და დახმარებას ახორციელებდა კახეთის პრობაციის ბიურო, ხოლო მის მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემდეგ – შიდა ქართლის პრობაციის ბიურო. იმ საფუძვლით, რომ 2014 წლის აგვისტოდან ადგილი ჰქონდა ვასილ ბ.–ს მიერ პრობაციის ბიუროში გამოცხადების რეჟიმის დარღვევასა და ასევე დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობას, შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს წარმომადგენელმა მოითხოვა მსჯავრდებულის მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმება და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულება.

საზოგადოებრივი ადვოკატი, იოსებ გაბარაევი არ დაეთანხმა პრობაციის ბიუროს წარდგინებას, რადგან საქმის მასალებიდან ირკვეოდა, რომ პრობაციონერი პირნათლად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს, აიღო პირადობის მოწმობა და არ გაუწყვეტია კავშირი პრობაციის ბიუროსთან. გარდა ამისა, არ არსებობდა რაიმე მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა, რომ ადგილი ჰქონდა ვასილ ბ.–ს მიერ დაკისრებული მოვალეობების სისტემატურად შეუსრულებლობას, ასევე იმ ფაქტს, რომ მსჯავრდებული განზრახ არიდებდა თავს ბიუროში გამოცხადებას.  უცნობი იყო მისი ადგილსამყოფელიც. ამ გარემოებებზე დაყრდნობით, იოსებ გაბარაევმა მოითხოვა პრობაციის ბიუროს წარდგინების ცვლილებებით დაკმაყოფილება, ასევე ვასილ ბ.–ს მიმართ ძებნის გამოცხადება და მისი ადგილსამყოფელის დადგენა.

შედეგად, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვასილ ბ.–ს მიმართ დაწესებული პირობითი მსჯავრი ძალაში დარჩა და ნაწილობრივ დაკმაყოფილდა პრობაციის ბიუროს წარდგინება. პოლიციის ორგანოებმა მოახერხეს მსჯავრდებულის პოვნა და  2015 წლიდან მან განაგრძო დაკისრებული მოვალეობების შესრულება.