200 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი ოჯახი სახელმწიფო ხარჯზე ისარგებლებს ადვოკატის მომსახურებით არა მხოლოდ სისხლის სამართლის პროცესში, არამედ უკვე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზეც. ამას ითვალისწინებს „იურიდიული დახმარების შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც ძალაში 15 აპრილიდან შედის.

ამ სიახლესთან დაკავშირებით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების ავტორი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი - ზაქარია ქუცნაშვილი, და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, მელიტონ ბენიძე, 15 აპრილს მცხეთას ეწვევიან და, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ახალი საადვოკატო სერვისის ამოქმედებას გაეცნობიან. ღონისძიება იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთის ბიუროში გაიმართება.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, საწყის ეტაპზე, საადვოკატო მომსახურება (სასამართლოში წარმომადგენლობა) განხორციელდება საოჯახო და სამემკვიდრეო დავებზე, ასევე სოციალური დაცვის საკითხებზე. ადვოკატის დანიშვნა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი დააკმაყოფილებს გადახდისუუნარობის კრიტერიუმებს, ხოლო საქმე შეფასდება, როგორც რთული და მნიშვნელოვანი.

სახელმწიფო უფასო იურიდიულ დახმარებას 2007 წლიდან უზრუნველყოფს. დღემდე, ეს სერვისი ძირითადად სისხლის სამართლის საქმეებს მოიცავდა. სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე იურიდიული დახმარების გაფათოების მიზნით, საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები 2014 წლის დეკემბერში მიიღო.