7 მარტს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე ირაკლი შონიამ და თბილისის იურიდიული დახმარებისბიუროს უფროსმა სულხან კომახიძემ სტაჟირების წარმატებით დასრულების აღსანიშნავად სერტიფიკატები გადასცეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს. პროექტ „იურიდიული კლინიკის“ ფარგლებში, ახალგაზრდები რამდენიმე თვის განმავლობაში ადვოკატის პროფესიის პრაქტიკულ საქმიანობას ეცნობოდნენ თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროში.

იურიდიული კლინიკის პროგრამის მიხედვით, სტაჟიორები, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების ხელმძღვანელობით, რეალურ კლიენტებს ხვდებიან და კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით სხვადასხვა სამართლებრივ დოკუმენტსაც ამზადებენ. მათ, ასევე, სასამართლოს, პროკურატურის, სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და სხვა ორგანოებთან პროფესიული ურთიერთობის საშუალებაც ეძლევათ.

იურიდიული კლინიკის პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების პროფესიულ განვითარებას. დღეისათვის იურიდიული კლინიკები ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის-ქუთაისისა და აჭარის ბიუროებში. Share