ცხელი ხაზი: 292 00 55
2018 წლის ბოლოს სამცხე-ჯავახეთის იურიდიული დახმარების ბიუროს მიმართა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებმა ქალმა, ნ.ს.-მ, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, იღებენ საარსებო შემწეობას. მან განაცხადა, რომ მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების გამო ერთი ძირი ნაძვი მოჭრა და სახლში წაიღო. ამ ფაქტზე ბორჯომის მუნიციპალიტეტში ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრი მოსამართლის 2018 წლის 27 დეკემბრის დადგენილებით, ნ.ს. ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჯარიმა 1000 ლარი და გარემოზე მიყენებული ზიანის - 400 ლარამდე თანხის ანაზღაურება).
სამცხე-ჯავახეთის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტმა ლაშა ჯაფიაშვილმა ბენეფიციარს შეუდგინა სააპელაციო საჩივარი, რითაც ნ.ს.-მ კანონით დადგენილ ვადაში მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა მაგისტრი მოსამართლის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის შეწყვეტა ან ალტერნატივის სახით, ამ გადაწყვეტილების გაუქმება, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან, ასევე ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან გათავისუფლება და მისთვის სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადება.
ამ საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და შესაბამისი სამართლის ნორმების შესწავლის საფუძველზე, საჩივარში ხაზგასმული იყო, რომ მაგისტრი მოსამართლის დადგენილება იყო დაუსაბუთებელი, გამოკვლეული არ ყოფილა ბენეფიციარის ქონებრივი მდგომარეობა, მისი პიროვნება, სამართალდარღვევის ხასიათი და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი, რომელთა გათვალისწინება, ასეთ დროს, სასამართლოს ვალდებულებაა.
2019 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა მაგისტრი მოსამართლის დადგენილება - ნ.ს. გაათავისუფლა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და გამოუცხადა სიტყვიერი შენიშვნა. უცვლელი დარჩა მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხი.