საქართველოს პარლამენტმა დაასრულა იურიდიული დახმარების სამსახურის 2016 წლის საქმიანობის ანგარიშის გახნილვა. ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების სხდომების შემდეგ, 6 აპრილს, სამსახურის დირექტორმა, მელიტონ ბენიძემ, წლიური ანგარიში საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგინა.

მელიტონ ბენიძემ დეპუტატებს გასულ წელს იურიდიული დახმარების სფეროში განხორციელებული რეფორმები და გაწეული მომსახურების სტატისტიკა გააცნო. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელთა შედეგადაც, უფასო იურიდიული დახმარების ფარგლები გაფართოვდა და სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სხვადასხვა საკითხი მოიცვა. გარდა ამისა, მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, 2016 წელს იურიდიული დახმარების ბიურო გაიხსნა სიღნაღში.

სამსახური აქტიურად მუშაობს იურიდიული დახმარების ხარისხის მონიტორინგის სისტემაზე, საზოგადოებრივი ადვოკატების პროფესიულ განვითარებაზე, ასევე – საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, რაშიც მას მხარს უჭერენ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები – ევროკავშირი, გაეროს განვითარების პროგრამა, აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო და სხვები.

იურიდიული დახმარების სამსახური დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანიზაციაა და ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინაშე. საკანონმდებლო ორგანო იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის ანგარიშს ყოველწლიურად, საგაზაფხულო სესიაზე განილავს.